მიხეილ სააკაშვილისა და თეიმურაზ ჯანაშიას საქმეზე სასამართლოში ფინანსთა მინისტრის მოადგილე, გიორგი კაკაურიძე დაიკითხება

მიხეილ სააკაშვილისა და თეიმურაზ ჯანაშიას საქმეზე სასამართლოში ჩვენებას ფინანსთა მინისტრის მოადგილე, გიორგი კაკაურიძე მისცემს.

ის სასამართლოში ბრალდებულების ადვოკატებს ჰყავთ წარმოდგენილი.

როგორც კაკაურიძემ სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებთან განაცხადა, არამიზნობრივი ხარჯის წესები არ არსებობს, ვიზიტებთან დაკავშირებული ხარჯები კი შესაბამისი მივლინების ბრძანებით რეგულირდება.

ის წარსულში საბიუჯეტო დეპარტამენტის უფროსი იყო.

"აქ ადვოკატების მოწვევით ვიმყოფები. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, საქმე არამიზნობრივ ხარჯვას ეხება. არამიზნობრივი ხარჯვა არც დღეს, არც არასდროს არ უნდა ხდებოდეს არანაირი წესის მიხედვით. კითხვებს მოვისმენ და შესაბამის პასუხებს გავცემ.

არამიზნობრივი ხარჯვის წესი არ არსებობს, არ ვიცი რა კითხვები ექნებათ. ვიზიტებთან დაკავშირებული ხარჯები შესაბამისი მივლინების ბრძანებით რეგულირდება, ეს ნაწილობრივ შეიცვალა, თუმცა, ძირითადად, ნორმებია შეცვლილი. ხარჯვის წესი დადგენილია, რისი ხარჯვა შეიძლება, რისი - არა. ხარჯვასთან შემხებლობა არ მქონია, ჩვენ, როგორც ფინანსთა სამინისტრო გეგმის გამოყოფას უზრუნველვყოფთ შესაბამისი უწყებებისთვის, თვითონ მხარჯავი უწყება არის პასუხისმგებელი მის მიზნობრივ ხარჯვაზე, ეს კოდექსით განსაზღვრული პრინციპია, მაშინაც ეს იყო, 2009 წლიდან ეს მოქმედებს",- განაცხადა კაკაურიძემ.

ცნობისთვის, აღნიშნულ საქმეს, რომელსაც საზოგადოება ე.წ. პიჯაკების საქმედ იცნობს, მიხეილ სააკაშვილთან ერთად ბრალდებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თეიმურაზ ჯანაშიაც. პროკურატურა ბრალდებულებს საბიუჯეტო თანხის დიდი ოდენობით - 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვას ედავება.