სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრებს იწყებს

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო კონკურსების იმპლემენტაციის მიზნით საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრებს იწყებს.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ინფორმაციით,  სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 22 მაისის №7 ბრძანებით დამტკიცდა "კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის წესი და პირობები".

სააგენტოს ინფორმაციით, კონკურსი სახელმწიფო შესყიდვების მნიშვნელოვან სეგმენტს მოიცავს და იგი სახელმწიფო შესყიდვის ალტერნატიული საშუალებაა, რომლითაც შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია, შეისყიდოს საპროექტო მომსახურება, მათ შორის, დიზაინერული, დაგეგმარების, ხარჯთაღრიცხვის, არქიტექტურული, საინჟინრო გეგმები ან პროექტები.

კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის ახალი წესი და პირობები 2015 წლის 1 ივლისიდან ამოქმედდება. "დანერგილი სიახლის გაცნობის მიზნით, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო იწყებს შეხვედრების ციკლს შემსყიდველ ორგანიზაციებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან. დაგეგმილია ხუთი შეხვედრა, რომელიც მოიცავს საქართველოს ყველა რეგიონის სახელმწიფო ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან და შესყიდვების სპეციალისტებთან შეხვედრას", - ნათქვამია განცხადებაში.

კონკურსების იმპლემენტაციის მიზნით პირველი საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა ბათუმში 12 ივნისს, 15:00 საათზე გაიმართება.  შეხვედრას სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ხელმძღვანელი პირები გაუძღვებიან და პრეზენტაციებს წარმოადგენენ.

23, 24, 25 ივნისს 15:00 საათზე, თბილისში, სააგენტოს შენობაში სამი შეხვედრა გაიმართება, ასევე 27 ივნისს, ქუთაისში შემსყიდველ ორგანიზაციებთან შეხვედრაა დაგეგმილი.