აზერბაიჯანმა ევროპაში გაზის მიწოდება 4 მლრდ კუბური მეტრით გაზარდა

აზერბაიჯანიდან ევროპაში გაზის ექსპორტი წელს, 2021 წელთან შედარებით, 4 მილიარდი კუბური მეტრით გაიზრდება და 12 მლრდ კუბურ მეტრს შეადგენს. ამის შესახებ პრეზიდენტ ილჰამ ალიევმა განაცხადა, რაც პრეზიდენტის ვებგვერდზე ვრცელდება.

ამასთან, ალიევის მონაცემებით, თუ 2021 წელს აზერბაიჯანული გაზის მიწოდება ევროპაში 8 მლრდ კუბურ მეტრს შეადგენდა, 2027 წელს ეს მოცულობა 20 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაიზრდება.

„ეს არ არის ვალდებულება, ეს არის მიზანი და ჩვენ ამ მიზნისკენ მივდივართ,“ - აცხადებს აზერბაიჯანის პრეზიდენტი.

მანამდე ენერგეტიკის მინისტრ პარვიზ შაჰბაზოვზე დაყრდნობით გავრცელდა ინფორმაცია, რომ წელს აზერბაიჯანიდან გაზის მთლიანი ექსპორტი 24 მილიარდ კუბურ მეტრს გადააჭარბებს.

ცნობისთვის: 2023 წელს აზერბაიჯანმა გაზის მთლიანი ექსპორტი, 2022 წელთან შედარებით, 5,3%-ით, 23,8 მლრდ კუბურ მეტრამდე გაზარდა, ხოლო ევროპაში მიწოდებამ 11,8 მლრდ კუბური მეტრი შეადგინა, რაც, ასევე, წინა წელთან შედარებით, 3,5% მეტია.

ამჟამად ევროპაში აზერბაიჯანული გაზის მყიდველი ქვეყნები იტალია, საბერძნეთი, ბულგარეთი, რუმინეთი, უნგრეთი და სერბეთია. ამისა გარდა, აზერბაიჯანული გაზის შეძენით ევროპის სხვა ქვეყანებიც დაინტერესდნენ.

ევროპის ქვეყნების გარდა, აზერბაიჯანულ გაზს თურქეთი და საქართველოც ყიდულობს. კერძოდ, 2024 წლის ბუნებრივი გაზის ბალანსის დოკუმენტის თანახმად, საქართველო წელს აზერბაიჯანიდან 3,017.383 მლნ კუბ/მ გაზის იმპორტს გეგმავს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ