აივ/შიდსის მქონე ადამიანების სამედიცინო მომსახურების სერვისს უკრაინიდან დევნილი პირები 2024 წლის მაისამდე მიიღებენ

საქართველოს წითელი ჯვარი „უკრაინის კრიზისზე რეაგირების“ პროექტის ფარგლებში, კრიზისის შედეგად დაზარალებული ქვეყნებიდან ჩამოსულ აივ/შიდსის მქონე ადამიანების სამედიცინო სერვისებით დახმარებას აგრძელებს, მათ შორის მოიაზრება, მედიკამენტი, დიაგნოსტიკა და მკურნალობა, ასევე ფსიქოსოციალური დახმარება, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს წითელი ჯვარი ავრცელებს.

ინფორმაციის თანახმად, მომსახურებას მიიღებენ უკრაინიდან დევნილი პირები, რომლებიც ვერ დააკმაყოფილებენ სახელმწიფოს მიერ განსაზღვრულ კრიტერიუმებს და ვერ ისარგებლებენ მიმდინარე სახელმწიფო პროგრამით.

„ასევე მომსახურებას მიიღებენ კრიზისით დაზარალებული მესამე ქვეყნებიდან ჩამოსული მოქალაქეები, რომლებმაც გადმოკვეთეს საქართველოს საზღვარი 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ, 3 თვის განმავლობაში და მას შემდეგ არ უფიქსირდებათ საზღვრის კვეთა.

პროექტი მიმდინარეობს წითელი ჯვრის და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაციის მხარდაჭერით და გაგრძელდება 2024 წლის მაისამდე.

სერვისების მიღებით დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დარეკონ საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას ცხელ ხაზზე 032 2 501 105; ან მიმართონ პირდაპირ შიდსის ცენტრს შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზირი #16“,- ნათქვამია ინფორმაციაში.