„თუ ევროპამ დაიწყო სანქციების ამუშავება, ის, სავარაუდოდ, დახმარებას შეუწყვეტს ხელისუფლებას“

„თუ ევროპამ დაიწყო სანქციების ამუშავება, ის, სავარაუდოდ, დახმარებას შეუწყვეტს ხელისუფლებას“ - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ ეკონომიკის ექსპერტმა აკაკი ცომაიამ განაცხადა.

როგორც მან განმარტა, იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი მხარს დაუჭერს „უცხოური გავლენების შესახებ“ კანონპროექტს და ევროსაბჭო კანონის მხარდამჭერ დეპუტატებს სანქციებს დაუწესებს, გადაწყვეტილება ნეგატიურად აისახება საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობაზე, საფინანსო სექტორსა და სავალუტო ბაზრებზე.

„თუ ევროკომისია დაიწყებს მოქმედებას სანქციებთან დაკავშირებით, ეს საფინანსო და სავალუტო ბაზრებზე მოახდენს გავლენას, გარდა ამისა, თუ ევროკომისიამ დაიწყო სანქციების ამუშავება, ის, სავარაუდოდ, შეუწყვეტს დახმარებას, პირველ რიგში, ხელისუფლებას, რაც საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობაზე ნეგატიურად აისახება“, - თქვა აკაკი ცომაიამ.

გარდა ამისა, იმ შემთხვევაში, თუ ევროკომისია სანქციებს აამოქმედებს, საინვესტიციო გარემო საქართველოში მნიშვნელოვნად გაუარესდება.

„ცხადია, აღნიშნული ეკონომიკაზე დადებით გავლენას ვერ მოახდენს, იმიტომ, რომ საინვესტიციო გარემოს მნიშვნელოვნად გააუარესებს. ევროპარლამენტმა რომ ეს რეზოლუცია მიიღო, ეს ნიშნავს იმას, რომ თუ საქართველოში ევროპელი და ამერიკელი ინვესტორები ჯერ კიდევ არის შემორჩენილი, იგრძნობენ საფრთხეს“, - აღნიშნა ეკონომიკის ექსპერტმა.

მანვე აღნიშნა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია პოლიტიკური ნაწილი. ცომაიას თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ კურსი რუსეთისკენ აიღო და ამას არც მალავს.

„მთავარი არის პოლიტიკური ნაწილი და მდგენელი, რომ საქართველოს ხელისუფლებამ შეცვალა პოლიტიკური კურსი და ვექტორი აიღო რუსეთისკენ და ამას არც მალავს. ფაქტობრივად, ცივი ომის პირობებში ჩავდექით ევროკავშირი და საქართველო. ისე დაიძაბა სიტუაცია, რომ ამის გამოსწორება ძალიან რთული იქნება“, - დასძინა მან.

შეგახსენებთ, ევროპარლამენტი „საქართველოში უცხოური აგენტების კანონის ხელახლა შემოტანის მცდელობებსა და სამოქალაქო საზოგადოებაზე მისი შეზღუდვების შესახებ“ გუშინ მიღებულ რეზოლუციაში, რომელიც შესწორებებით დაამტკიცა, მოუწოდებს, განიხილონ ბიძინა ივანიშვილისთვის პირადი სანქციების დაწესება.

კიდევ ერთი შესწორებით, ევროპარლამენტი თვლის, რომ კანონმდებლობის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს საქართველოს პარლამენტის ყველა წევრს, ვინც ხმა მისცა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის სასარგებლოდ.

გარდა ამისა, ევროპარლამენტი მოუწოდებს, დროულად შეაფასოს საქართველოს მიერ დაგეგმილი „უცხოელი აგენტის“ კანონის გავლენა საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების უწყვეტ შესრულებაზე.

ევროპარლამენტის მიერ დამტკიცებულ შესწორებაში ასევე საუბარია ლგბტქ+ კანონპროექტის შესახებ. ამასთან, ევროპარლამენტი იმეორებს მოწოდებას საქართველოს ხელისუფლების მიმართ, გაათავისუფლოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ჰუმანიტარული ნიშნით და დაუშვას მისი საზღვარგარეთ სათანადო მკურნალობა.

მერი ტაბატაძე