საქართველოში ვირტუალური მობილური ოპერატორი გამოჩნდება

“ექსპერტების დასკვნაში წერია, რომ ქართულ ბაზარს ნამდვილად სჭირდება ვირტუალური ოპერატორების დაშვების მოდელი და ეროვნული როუმინგი” - რა არის ვირტუალური ოპერატორი და მოაგვარებს თუ არა ის მობილური ოპერატორების ბაზარზე არსებულ უთანასწორობას - ამის შესახებ კომუნიკაციების კომისიის წევრმა, ეკატერინე იმედაძემ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ ისაუბრა.

„20 წელზე მეტია, ევროპაში არსებობენ ვირტუალური ოპერატორები, რომლებიც ბაზრის ზრდას ასტიმულირებენ. ექსპერტების დასკვნაში წერია, რომ ქართულ ბაზარს ნამდვილად სჭირდება ვირტუალური ოპერატორების დაშვების მოდელი და ეროვნული როუმინგი. ამან უნდა გაზარდოს კონკურენცია და ინოვაციური შეთავაზებები“, - აცხადებს ეკატერინე იმედაძე.

კომუნიკაციების კომისიის წევრი აცხადებს, რომ მსგავსი ცვლილებები სასიკეთოდ აისახება როგორც მომხმარებელზე, ისე კომპანიაზე.

„სასიამოვნო ალბათ არცერთ ქვეყანაში არცერთი კომპანიისთვის არ არის, რომ მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების ფარგლებში შემოთავაზებულია ვალდებულებები, თუმცა ჩვენი ხედვა და გამოცდილება ასეთია, რომ როგორც კი გადადგამს ოპერატორი ნაბიჯს და დაუშვებს, რომ საბითუმო, ხარჯზე ორიენტირებული ფასით გააქირაოს საკუთარი ქსელი და ამით ბენეფიტი მიიღოს, ის ხედავს ასეთი ტიპის გაქირავებიდან მიღებული შემოსავლის უპირატესობას და ხედავს, რომ რეალურად კონკურენცია ასტიმულირებს მის ზრდასაც. ეს ცვლილებები სასიკეთოდ აისახება როგორც მომხმარებელზე, ისე კომპანიაზე“, - აცხადებს იგი.

მისი თქმით, შესამჩნევ ცვლილებებს სჭირდება დრო.

„საქართველოში ვირტუალური ქსელის მიღების მსურველი კომპანიები არსებობს, თუმცა მათ ამ დრომდე არ მიუღიათ დაშვება და ვიმედოვნებთ, რომ როგორც კი ეს მსურველი ოპერატორები მიიღებენ დაშვებას, ისინი საგრძნობ ცვლილებებს შეიტანენ“, - აცხადებს ეკატერინე იმედაძე.

“17 მაისამდე ველოდებით კომპანიების მხრიდან შემხვედრ არგუმენტებს კვლევის შედეგებთან დაკავშირებით, ხოლო 6 ივნისამდე იქნება საჯარო მოსმენა და გადაწყვეტილების მოსმენა”.

იმ შემთხვევაში, თუ ნებაყოფლობითი ნაბიჯები არ განხორციელდება კომპანიის მხრიდან, კომუნიკაციების კომისია უფლებას იტოვებს სანქცირების მექანიზმებს მიმართოს, რაც ჯერ გაფრთხილებას, ხოლო შემდეგ ფინანსურ ჯარიმებს გულისხმობს.

ეკატერინე იმედაძის თქმით, შემდეგი ეტაპი ფიქსირებული ინტერნეტის ბაზრის კვლევა იქნება.

შეგახსენებთ, რომ 2022 წელს, კომუნიკაციების კომისიამ, ევროკავშირის დაფინანსებითა და ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების დახმარების („AA Facility II“) ფარგლებში, ევროკავშირის ექსპერტებთან ერთად, დაიწყო მუშაობა საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზრის კომპლექსური კვლევის პროექტზე, რომელიც საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე კონკურენციის გაუმჯობესებას, ასევე მომხმარებლებისთვის მრავალფეროვანი, ხარისხიანი თუ ხელმისაწვდომი მომსახურებების უზრუნველყოფასა და ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების მიხედვით, საქართველოს მარეგულირებელი ჩარჩოს ევროპულთან დაახლოებას ემსახურება. კომპლექსური კვლევა ორი წლის განმალობაში მიმდინარეობდა, ამ მასშტაბის კვლევა კი, აქამდე ქართულ ტელეკომ ბაზარზე არ ჩატარებულა. ევროკავშირის ექსპერტების მიერ ჩატარებულ კვლევას ასევე რევიზია TAIEX-ის (ევროკავშირის ტექნიკური დახმარებისა და ინფორმაციის გაცვლის ინსტრუმენტი) ექსპერტებმა გაუწიეს).

ეკა დარჩიაშვილი