„ხეების მოყვარული მილიარდერი, რომელსაც ქვეყანა კრემლისკენ მიჰყავს“ - უცხოური მედია საქართველოზე

უცხორი გავლენიანი მედიასაშუალებები საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურებიან.

BBC წერს, რომ საქართველოში "უცხოელი აგენტების" შესახებ კანონპროექტის გამო შეტაკებები მოხდა.

„საქართველოში სპეცრაზმმა გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი, რათა დაეშალა ხალხი, რომლებიც "უცხოელი აგენტების" შესახებ კანონპროექტს აპროტესტებდნენ“ - წერს გამოცემა.

„ხეების მოყვარული მილიარდერი, რომელსაც საქართველოს კრემლისკენ მიჰყავს“ - ასე ეხმაურება გუშინდელ ამბავს The Telegraph.

„ქართულმა პოლიციამ გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი ათასობით დემონსტრანტის წინააღმდეგ, რომლებიც მესამე კვირაა საკამათო კანონპროექტს აპროტესტებენ“ - წერს France24.

Euronews კი წერს, რომ ათასობით ადამიანი დაესწრო სამთავრობო აქციას საქართველოს დედაქალაქ თბილისში, რომელიც მხარს უჭერს საკამათო საგარეო გავლენის კანონს. გამყოფი კანონპროექტი მედიასა და არაკომერციულ ორგანიზაციებს ავალდებულებს უცხოური გავლენის ქვეშ მყოფებად დარეგისტრირდნენ, თუ ისინი დაფინანსების 20%-ზე მეტს საზღვარგარეთიდან იღებენ.

„საქართველოს მთავრობამ გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი ევროკავშირის მომხრე დემონსტრანტების წინააღმდეგ. ქვეყნის პრეზიდენტი მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს, შეაჩეროს სპეცრაზმი, ხოლო ახალგაზრდებთან მოპყრობას ის "სირცხვილს" უწოდებს“ – Politico.

“ქართული პოლიცია „უცხოური გავლენის“ კანონპროექტის მომიტინგეებს წყლის ჭავლით და ცრემლსადენი გაზით ანადგურებს.

Reuters-ის თვითმხილველებმა დაინახეს, რომ ზოგიერთი პოლიციელი ფიზიკურად თავს დაესხა მომიტინგეებს, რომლებიც მათ კვერცხებსა და ბოთლებს ესროდნენ, მანამდე კი გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები, რათა დემონსტრანტები დაშლილიყვნენ“, – Reuters.

მთავარი ფოტო - The Telegraph

ეკა დარჩიაშვილი