ეროვნული ბანკიდან საბანკო სექტორის ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფის საკითხის განხილვა მომავალი სასესიო კვირისთვის გადაიდო

საკანონმდებლო პაკეტის განხილვა, რომელიც ეროვნული ბანკიდან საბანკო სექტორის ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფას ითვალისწინებს, მომავალი სასესიო კვირისთვის გადაიდო.

ამის შესახებ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ თამაზ მეჭიაურმა განაცხადა. ამ დროის განმავლობაში, პარლამენტი მზადყოფნას გამოთქვამს, კონსულტაციებში ყველა დაინტერესებული მხარე ჩართოს. "რამდენიმე ვარიანტი შემოგვთავაზეს სხვადასხვა ბიზნეს ჯგუფებმა, ბიზნესომბუდსმენმა, ასევე, პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან იყო განცხადება. გარდა იმისა, რომ ამდენი თხოვნა იყო, თვითონ პარლამენტშიც ბევრი საკითხი დაგროვილია განსახილველად, ვინაიდან დღევანდელი სესია არ ჩატარდა. შესაბამისად, ამ საკანონმდებლო პაკეტის სიღრმისეული განხილვა დიდი ალბათობით გაჭირდებოდა. ამიტომ, ჩვენ ჩავთვალეთ შესაძლებლად, ერთი სასესიო კვირით გადავდოთ განხილვა. ამით საშუალებას მივცემთ ყველას, ვისაც სურვილი აქვს, ინდივიდუალურად გაიარონ ჩვენთან კონსულტაციები. მზად ვართ დიალოგისთვის, რომ კიდევ ვინმეს არ ჰქონდეს ამ საკითხზე სპეკულაციის საშუალება და პოლიტიზირების მცდელობა. ასე რომ, ჩართულობა ყველა მხრიდან უზრუნველყოფილი იქნება", - განაცხადა მეჭიაურმა.

თუმცა, საკითხი, რომლის თაობაზეც საკანონმდებლო ცვლილების ინიციატორები კონსენსუსზე წასვლას არ აპირებენ, საბანკო ზედამხედველობის სამსახურის ეროვნული ბანკიდან გასვლაა. "ერთადერთი საკითხი, რომელსაც პრინციპულად ვიცავთ, არის ის, რომ უნდა გაიმიჯნოს ეს ორი ფუნქცია - უფრო მეტი დამოუკიდებლობით შეიქმნას ზედამხედველობის სააგენტო. რაც შეეხება ყველა დანარჩენ საკითხს, რომელიც დაკავშირებული იქნება ბიზნესის, კომერციული ბანკების ინტერესების დაცვასთან, რომ გამოირიცხოს თუნდაც მცირეოდენი ეჭვის საფუძველი, თითქოს ამ კანონის ცვლილებამ შეიძლება, რომელიმე სხვა მხარე დააზარალოს - ამაზე შეიძლება მსჯელობა მუხლობრივი განხილვის დროს. ჩვენ მივესალმებით როგორც ბიზნესწრეების მიერ ნდობით აღჭურვილი ექსპერტების ჩართულობას, ასევე, თუ საჭიროდ ჩათვლიან, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას", - განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.