გიორგი კვირიკაშვილის აზრით, სავიზო რეჟიმის გამარტივება ტურისტული ნაკადის ზრდას და ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას ხელს შეუწყობს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ვიცე-პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის აზრით, სავიზო რეჟიმის გამარტივება ტურისტული ნაკადის ზრდას და ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას ხელს შეუწყობს.

როგორც კვირიკაშვილმა გუშინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, "უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილების საფუძველზე, უცხოელი მოქალაქეებისთვის მოიხსნება აქამდე არსებული რიგი შეზღუდვები. კერძოდ, საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცდა იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომელთა მოქალაქეებსაც საქართველოში უვიზოდ შემოსვლა და სრული 1 წლის განმავლობაში ყოფნა შეუძლიათ.  "განმარტებისთვის ვიტყვი, რომ აქ საქმე ეხება იმ ქვეყნებს, რომლებთანაც ჩვენ გვქონდა უვიზო მიმოსვლა, ოღონდ 180 დღის განმავლობაში 90 დღის ლიმიტით დარჩენის უფლება. ასეთი ლიმიტები ყველა იმ ქვეყნებთან, სადაც უვიზო მიმოსვლა გვაქვს, გაუქმდება", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობამ ასევე დაამტკიცა იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომელთა ვიზების ან/და ბინადრობის ნებართვების მქონე უცხოელებს შეუძლიათ საქართველოში უვიზოდ შემოსვლა და ყოფნა 90 დღის ვადით ნებისმიერ 180 დღის პერიოდში. ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, აღნიშნული ქვეყნების ნუსხაში შევიდა მაღალი სანდოობით, მიგრაციისა და უსაფრთხოების პოლიტიკის მაღალი ხარისხით გამორჩეული ქვეყნები, კერძოდ, ევროკავშირისა და შენგენის ზონაში შემავალი ქვეყნები ე.წ. GCC-ის ქვეყნები, ასევე ავსტრალია, აშშ, ახალი ზელანდია, დიდი ბრიტანეთი, იაპონია, ისრაელი, კანადა და კორეა.

"ზემოაღნიშნული რეგულაციის თანახმად, ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებსაც საქართველოში შემოსვლის დღისთვის მოქმედი ვიზა ან ბინადრობის ნებართვა ამ დადგენილებით დამტკიცებულ ერთ-ერთ ქვეყანაში მაინც აქვთ, საშუალება მიეცემათ, გამარტივებული გზით – უვიზოდ შემოვიდნენ საქართველოში. მაგალითად, ჩინეთის ან ირანის მოქალაქეს, რომელსაც აქვს შენგენის ვიზა, საქართველოში შემოსასვლელად დამატებითი ვიზის აღება აღარ მოუწევს. წარმოდგენილი რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა ასევე ე-ვიზა პორტალ-ის გააქტიურება. აღნიშნული უცხოელებს საშუალებას აძლევს, მარტივი აპლიკაციის შევსების გზით, სახლიდან გაუსვლელად აიღონ ელექტრონული ვიზა. ვიზის მიღებასთან დაკავშირებული პროცედურების შესაბამისი ინსტრუქცია დაახლოებით 10 ენაზე ითარგმნება და საერთაშორისო ენების არმცოდნე მოქალაქეები იოლად ისარგებლებენ ამ სერვისით. ვიზის აღების პროცესის ერთ-ერთ მნიშვნელოვანი კომპონენტია ვიზის მისაღებად აუცილებელი დოკუმენტების ჩამონათვალის გამარტივებაც, რომელიც ასევე უახლოეს დღეებში იქნება დამტკიცებული საქართველოს მთავრობის მიერ. ასევე მნიშვნელოვანია, რომ იგეგმება უცხოელთა სამოგზაურო დაზღვევის წესის გამარტივებაც. უცხოელ მოქალაქეებს საქართველოში არსებული სადაზღვევო კომპანიებისგან დაზღვევის მიღება საზღვარზევე შეეძლებათ", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, კანონში წინა ცვლილების შემდგომ იყო გარკვეული გამოსასწორებელი მომენტები, არსებობდა ხარვეზები როგორც ადმინისტრირების, ასევე თავად ლიბერალიზაციის დონის კუთხით, ამიტომ მთავრობამ ლიბერალიზაციის თამასა აწია, შესაბამისად, გაცილებით მეტ მოქალაქეს, ვისი საქართველოში შემოსვლაც უსაფრთხოა, შეეძლება შემოსვლა გაცილებით გამარტივებული პროცედურებით.  რაც შეეხება იმას, რომ უვიზო ქვეყნების სიაში ვერ მოხვდა 13 ქვეყანა, კვირიკაშვილის თქმით, მთავრობა წავიდა შედარებით მარტივი გზით, რომ იმ ქვეყნებთან, ვისთანაც უკვე არსებობდა უვიზო მიმოსვლა, მხოლოდ ლიმიტები შეიცვალა.

"მთელ რიგი ქვეყნების ვიზების და ბინადრობის ნებართვის მქონე, ანუ მე-3 ქვეყნების მქონე მოქალაქეები, რომლებსაც აქვთ შენგენის, ევროკავშირის ან მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული 50 ქვეყნიდან ერთ-ერთი ქვეყნის ვიზა ან ბინადრობა მაინც, საქართველოში ვიზის გარეშე შემოვლენ. რაც შეეხება სხვა ქვეყნებს - მათი მოქალაქეების უდიდეს ნაწილს, განსაკუთრებით აღვნიშნავ ბიზნესმენებს და ინვესტორებს, მათ როგორც წესი, ამ მთელი რიგი ქვეყნების ვიზები ან ბინადრობის უფლება აქვთ. ამას დამატებული ელექტრონული ვიზის პორტალის მნიშვნელოვანი გამარტივება უკვე ძალიან ხელშესახებ ლიბერალიზაციას მოიტანს ამ მიმართულებით", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.