„სილქნეტი“ მომხმარებლისთვის უხარისხო ინტერნეტის მიწოდებისთვის დასანქცირდა

კომუნიკაციების კომისიამ კომპანია „სილქნეტი“ აბონენტისთვის უხარისხო ინტერნეტის მიწოდებისთვის დაასანქცირა, კომპანიამ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მოქმედი კანონმდებლობა დაარღვია.

როგორც კომისია წერს, 2024 წლის მარტში, ComCom-ში მათთან შევიდა მომხმარებლის საჩივარი ინტერნეტთან დაკავშირებული პრობლემის შესახებ, რის შემდეგაც, კომისიამ აბონენტთან 24-საათიანი ინტერნეტის სიჩქარისა და ხარისხის შემოწმების ტესტი ჩაატარა. ტესტმა დაადგინა, რომ „სილქნეტის“ მიერ მიწოდებული ინტერნეტ მომსახურება არ შეესაბამებოდა ოპერატორსა და აბონენტს შორის არსებული ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს.

„საჩივრის დაფიქსირების შემდეგ ComCom-ის მიერ ჩატარებულმა ინტერნეტის ხარისხის გაზომვის 24-საათიანმა ტესტმა აჩვენა, რომ ჯიტერის მაჩვენებელი შეადგენდა 152.9 მილიწამს, მაშინ, როდესაც ხელშეკრულება ითვალისწინებს <50 მილიწამს. ასევე, დაყოვნების მაჩვენებელი შეადგენდა 2969 მილიწამს, ეს მაჩვენებელი კი ხელშეკრულების პირობებით <400 უნდა იყოს. გარდა ამისა, ტესტით დადგინდა ისიც, რომ დაკარგული პაკეტების კოეფიციენტის მაჩვენებელი 9.48%-ს შეადგენდა, როდესაც ხელშეკრულების მიხედვით აღნიშნული 3%-ს არ უნდა აღემატებოდეს.

გამომდინარე იქიდან, რომ „სილქნეტის“ მხრიდან ერთი წლის განმავლობაში მსგავსი დარღვევა არ დაფიქსირებულა, კომუნიკაციების კომისიამ ოპერატორი წერილობით გააფრთხილა და აბონენტისთვის მიწოდებული მომსახურების ხელშეკრულების პირობებთან შესაბამისობაში მოყვანა დაავალა“- წერია კომისიის დასკვნაში.

ეკა დარჩიაშვილი