გავაგრძელებთ აზიური ბიზნესისთვის რეგიონში გაფართოების შესაძლებლობის უზრუნველყოფას - პრემიერი

„ჩვენ გავაგრძელებთ აზიური ბიზნესისა და ინვესტორებისთვის საუკეთესო ბიზნეს გარემოს ჩამოყალიბებას“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აზიის განვითარების ბანკის 57-ე წლიურ შეხვედრაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საქართველო გააგრძელებს მუშაობას იმისთვის, რომ რეგიონში აზიური ინვესტორებისა და ბიზნესების გაფართოებას შეუწყოს ხელი.

„სატრანსპორტო დერეფნებით უმნიშვნელოვანეს როლს ვასრულებთ შუა დერეფნის ფუნქციონირებაში, რომელიც სხვა მარშრუტების სტაბილურ, უსაფრთხო და საიმედო ალტერნატივად ჩამოყალიბდა. ჩვენ გავაგრძელებთ აზიური ბიზნესისა და ინვესტორებისთვის საუკეთესო ბიზნეს გარემოს ჩამოყალიბებას, რათა რეგიონში მათი გაფართოების შესაძლებლობა და განვითარება უზრუნველყოფილი იყოს. მინდა სიამაყით აღვნიშნო, რომ ჩვენ ვქმნით შესაძლებლობებს არამარტო საქართველოსთვის, არამედ რეგიონისთვის და ამ პროცესში ჩვენი ამოსავალი წერტილი ყოველთვის ქართველი ხალხი და მისი კეთილდღეობაა. ჩვენი მიღწევაა ის, რომ არსებული გამოწვევების მიუხედავად შევძელით ფისკალური და მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნება, პოსტპანდემიურ პერიოდში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, 2-5 მაისის ჩათვლით საქართველო აზიის განვითარების ბანკის რიგით 57-ე წლიურ შეხვედრებს მასპინძლობს. ქვეყანას ამ დროის პერიოდში სტუმრობენ სხვადასხვა ქვეყნის დელეგაცია, მედიისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები. შეხვედრების ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა მიმართულებით არაერთი პანელური განხილვა.

მერი ტაბატაძე