მნიშვნელოვანი მიმართულებაა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის და ახალი აეროპორტის მშენებლობის პროექტები - პრემიერი

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აზიის განვითარების ბანკის 57-ე წლიური შეხვედრის ფარგლებში განცხადება გააკეთა საქართველოს სატრანზიტო ფუნქციასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ამისათვის უზრუნველყოფენ საავტომობილო ინფრასტრუქტურის მოწყობას.

ამავე კონტექსტში მან ყურადღება გაამახვილა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისა და თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტების მშენებლობის საკითხებზე.

„ჩვენ ინტენსიურად ვაშენებთ აღმოსავლეთ-დასავლეთ და სამხრეთ-ჩრდილოეთის საავტომობილო ინფრასტრუქტურას, რაც საქართველოს სატრანზიტო ფუნქციას კიდევ უფრო გააძლიერებს. ამ მხრივ, ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისა და თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობის პროექტები. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ გათვალისწინებულია ყოვლისმომცველი რეფორმის პროგრამა ქვეყნის სარკინიგზო სექტორისთვის, რაც გადამწყვეტია საჯარო კორპორაციების რეფორმის წარმატებით განხორციელებისთვის. ეს ძალისხმევა ემსახურება საქართველოს განვითარებას და ამ საპასუხისმგებლო საქმეში კარგად ვაცნობიერებთ, რომ თანამედროვე, გლობალურად დაკავშირებულ მსოფლიოში ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერება პარტნიორების გარეშე შეუძლებელია”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, 2-5 მაისის ჩათვლით საქართველო აზიის განვითარების ბანკის რიგით 57-ე წლიურ შეხვედრებს მასპინძლობს. ქვეყანას ამ დროის პერიოდში სტუმრობენ სხვადასხვა ქვეყნის დელეგაცია, მედიისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები. შეხვედრების ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა მიმართულებით არაერთი პანელური განხილვა.

მერი ტაბატაძე