„არ გადახვიდეთ „ანონიმუსის“ მიერ დადებულ ბმულზე - არსებობს ინფიცირების რისკი“

„მნიშვნელოვანია მოქალაქეებმა იცოდნენ, რომ არ უნდა გადავიდნენ „ანონიმუსის“ მიერ დადებულ ბმულზე, არ უნდა ჩამოტვირთონ მათ მიერ ან მათი სახელით დადებული ფაილი - ამას თავად ჰაკერები გააკეთებენ“, - ამის შესახებ კიბერ სტრატეგიის კონსულტანტი, მკვლევარი ანდრო გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ის აღნიშნავს, არ შეიძლება „ანონიმუსის“ მიერ გამოქვეყნებული პაროლით ვინმეს მეილზე ან ანგარიშზე შესვლა.

„ბოლო დროს საქართველოს სამთავრობო ქსელები რამდენჯერმე გახდა ჰაქტივისტური ქსელის „ანონიმუსის“ სამიზნე. მცირე ხნით გაითიშა შს და იუსტიციის სამინისტროს გვერდები, გამოქვეყნდა ზოგიერთი მაღალჩინოსნის პერსონალური თუ სამსახურებრივი ინფორმაციის შემცველი მონაცემი.

„ანონიმუსი“ არის ჰაქტივისტური ჯგუფი, რაც ითვალისწინებს იდეოლოგიურად მოტივირებულ აქტივისტურ ჰაკერულ შეტევების განხორციელებას იმ მთავრობებსა და ორგანიზაციების რესურსზე, რომლებსაც ჯგუფი მოძალადეებად მიიჩნევს. მაგ. ჯგუფი თავს ესხმოდა ე.წ. ისლამური სახელმწიფოს და რადიკალური ისლამის სხვა რესურსს, უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდგომ გათიშა რუსული სამთავრობო საიტების ნაწილი და გაასაჯაროვა თავდაცვის მაღალჩინოსნების საკონტაქტო მონაცემები.

„ანონიმუსის“ რესურსი აქამდე არ იყო საკმარისი, მწყობრიდან გამოეყვანა კრიტიკული ინფრასტრუქტურა (ენერგეტიკა, ბანკი, ტრანსპორტი). ის უფრო ვებგვერდების შეფერხებით და/ან იდეოლოგიური მოწოდების გავრცელებით შემოიფარგლებოდა. მაგალითად, უკრაინის მხარდამჭერი შეტევებისას მან ვერ შეძლო რუსული არმიის საბრძოლო პოტენციალის შემცირება ან რუსი ხალხის დამოკიდებულების შეცვლა ომისადმი და ამით, კრემლის საბრძოლო სულისკვეთების დაცემა, თუმცა ერთეული სამხედრო მაღალჩინოსნები გახდნენ იდეოლოგიური ზეწოლის ობიექტი, გასაჯაროვდა მათი მობილურები, ფოსტის მისამართები, მიმოწერა.

როგორც არ უნდა ემთხვეოდეს „ანონიმუსის“ და ჩვენი აზრი მიმდინარე პროცესების შესახებ, უნდა გვახსოვდეს, რომ ჰაქტივიზმი დანაშაულია, რადგან ის სამთავრობო ქსელებში უკანონო შეღწევას გულისხმობს.

მოქალაქეებმა მნიშვნელოვანია იცოდნენ, რომ არ უნდა გადავიდნენ „ანონიმუსის“ მიერ დადებულ ბმულზე (არსებობს ინფიცირების რისკი), არ უნდა ჩამოტვირთონ მათ მიერ ან მათი სახელით დადებული ფაილი - ამას თავად ჰაკერები გააკეთებენ.

აქტივისტური (ეს უკვე არ არის დანაშაული, ჰაქტივიზმისგან განსხვავებით, რაც ჰაკერობას გულისხმობს) და საპროტესტო მიზნით შესაძლებელია მათ მიერ გავრცელებული ინფორმაციის სურათის, სქრინის გამოყენება, საპროტესტო ან საინფორმაციო მესიჯების და გზავნილების დაგზავნა.

არ შეიძლება „ანონიმუსის“ მიერ გამოქვეყნებული პაროლით ვინმეს მეილზე ან ანგარიშზე შესვლა-ცდუნება დიდია, მაგრამ ეს დანაშაულია და ამას აუცილებლად გამოიყენებენ თქვენს პასუხისგებაში მისაცემად. გამოქვეყნებული პაროლით ისარგებლებს იგივე ჯგუფის ან სხვა ჰაკერი და ინფორმაციასაც გაასაჯაროებს, მერე შეგიძლიათ ისარგებლოთ თუ მაინცდამაინც.

არ დაგავიწყდეთ, შესაძლოა „გამოქვეყნებული ინფორმაცია“ სულაც ანკესი, სატყუარა იყოს თქვენი კომპიუტერის დასავირუსებლად და ინფორმაციის მოსახსნელად კიბერთაღლითების ან მტრულად განწყობილი სპეცსამსახურის მხრიდან“, - წერს ანდრო გოცირიძე.

მერი ტაბატაძე