“თბილისს ერთდროულად ბევრი ავტომობილი მოადგება“ - ექსპერტი ნატახტრის გზის შესაძლო გაფართოებაზე

როგორც „ბიზნესპრესნიუსი“ გიყვებოდათ, საავტომობილო გზების დეპარტამენტი თბილისი-ნატახტრის გზის მოდერნიზაცია-მშენებლობას გეგმავს. კერძოდ, საუბარია იმაზე, რომ აღნიშნული გზა, იქ არსებული სატრანსპორტო გადატვირთულობის გამო, შესაძლოა, გაფართოვდეს. დავინტერესდით რამდენად ეფექტური იქნება თბილისი-ნატახტრის გზის გაფართოება და ამასთან დაკავშირებით საქართველოს საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტ მევლუდ მელაძეს ვესაუბრეთ.

როგორც მან აღნიშნა, ნებისმიერი გზის გაფართოება, განსაკუთრებით დედაქალაქთან დამაკავშირებლის, მისასალმებელია, თუმცა როდესაც მსგავსი გადაწყვეტილებები მიიღება, სიტუაცია ფართო ჭრილში, თბილისთან ერთად უნდა განიხილოს.

კერძოდ, დადებითი შედეგი ექნება გზის გაფართოებას, იქიდან გამომდინარე, რომ ეს უფრო კომფორტულს და სრაფს გახრის მგზავრობას, თუმცა ამის პარალელურად თბილისის შემოსასვლელთან ერთდროულად დიდი რაოდენობის ავტომობილის თავმოყრა მოხდება, რაც საცობების პრობლემას გაამწვავებს.

„ერთი მხრივ, სახელმწიფო ამბობს, რომ ავტობანი და მისი სიგანე მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ საქალაქთაშორისო მიმოსვლა იყოს მაქსიმალურად სწრაფი, კომფორტული და თავისუფალი. მეორე მხრივ, ამბობს სახელმწიფო, რომ ქალაქის ქუჩები უნდა შევავიწროოთ და კალაპოტში მოვაქციოთ. ფაქტია, რომ გზის გაფართოება პრობლემას შველის, რაც უფრო ფართო და სწორია გზა, მით ნაკლებად ხდება შეფერხება და იქ მგზავრობა კომფორტულია და ეკონომიკურადაც დადებითი შედეგი აქვს. იგივე პრინციპი მუშაობს ქალაქშიც - ქალაქის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, რთულია, მაგრამ სადაც კი შესაძლებელია, მინიმუმ 2 ზოლი მაინც უნდა იყოს ერთი მიმართულებით, რომ გაჩერებულ ან გაფუჭებულ მანქანაზე გვერდის ავლას ახერხებდეს მძღოლი“, - აღნიშნა მელაძემ.

მანვე განმარტა, რომ დედაქალაქთან დამაკავშირებელი გზის გაფართოების შემთხვევაში, ქალაქის გამტარუნარიანობაც გასაზრდელი იქნება

„კარგია თუ სადმე გზას გააფართოებენ დედაქალაქთან, მაგრამ თუ ქალაქს მოადგა უფრო მეტი ავტომობილი ერთდროულად, ეს იმას ნიშნავს, რომ მისი გამტარუნარიანობაც გასაზრდელია. აღმაშენებლის ხეივანს როცა მოდიან ავტომობილები, განიერია ეს ხეივანი, ბევრ ავტომობილს იღებს, მაგრამ როგორც კი მოადგება ბევრი ავტომობილი მარშალ-გელოვანის კვეთას, მაშინვე ხდება ჩიხი. მარშალ-გელოვანი უნდა იყოს გამჭოლი ქუჩა და ადრე იყო გამჭოლი. ახლა რამდენიმე შუქნიშანია, რაც იწვევს ავტომობილების შეფერხებას და საცობს. ერთის გაკეთება იმ მიზნით რომ პრობლემაა და ამას მოაგვარებ, სწორი მიდგომა არ არის, ერთიან ჭრილშია დასანახი თითოეული ნაბიჯი რას გამოიწვევს“, - განაცხადა მევლუდ მელაძემ

იხილეთ ასევე: თბილისი-ნატახტრის გზა შესაძლოა, გაფართოვდეს

მერი ტაბატაძე