საერთაშორისო ვაჭრობის შეფერხებები შესაძლოა, წლის ბოლომდე გაგრძელდეს - Maersk წითელ ზღვაში მიმდინარე მოვლენებზე

წითელ ზღვაში მიმდინარე მოვლენების გამო საერთაშორისო ვაჭრობაში შეფერხებები შესაძლოა, მიმდინარე წლის ბოლომდე გაგრძელდეს. ამის შესახებ კომპანია Maersk-ის ხელმძღვანელმა, ვინსენტ კლერკმა განაცხადა.

Financial Times-თან ინტერვიუში კლერკმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ წითელ ზღვაში არსებული ვითარების გამო საერთაშორისო ვაჭრობის შეფერხებები არ იქნება ხანმოკლე და ის მინიმუმ, წლის მეორე ნახევრამდე გაგრძელდება.

მისი თქმით, ზოგიერთმა კომპანიამ უკვე გადაწყვიტა, შეაჩეროს ტრანსპორტირება წითელი ზღვის გავლით.

Maersk-ის ხელმძღვანელის განცხადებით, წითელ ზღვაში დაძაბულობის განმუხტვის ნიშნები არ შეინიშნება, ხოლო კეთილი იმედის კონცხის გვერდის ავლით მარშრუტი უფრო მეტ დროს მოითხოვს, რაც კომპანიებს უფრო ძვირი უჯდებათ, ვიდრე მარშრუტი სუეცის არხით. კლერკის თქმით, გადაზიდვის ხარჯების ასეთმა ზრდამ შესაძლოა, ინფლაციური ზეწოლა გამოიწვიოს, რომლის გადალახვაც რთული იქნება.

ჰუსიტებმა, რომლებიც იემენის წითელი ზღვის სანაპიროს უმეტეს ნაწილს აკონტროლებენ, დიდი ხნის წინ გამოაცხადეს მხარდაჭერა პალესტინის მიმართ და მზადყოფნა გამოთქვეს, ისრაელთან დაკავშირებულ ნებისმიერ გემს თავს დაესხან.

ამასთან, მათ განაცხადეს, რომ არ ერევიან რეგიონში ნაოსნობის თავისუფლებაში და სხვა ქვეყნების გემებს ხელს არ უშლიან.

ეკა დარჩიაშვილი