შეუძლია თუ არა საქართველოს ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლაში გამარჯვება

"შეუძლია თუ არა საქართველოს ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლაში გამარჯვება", - ამ სათაურით აქვეყნებს გერმანული გამოცემა "დოიჩე ველე" სტატიას.

სტატიის ავტორი საქართველოში დაცულ ტერიტორიებზე უკანონოდ ნადირობის პრობლემაზე წერს. "გიორგი სულამანიძე - ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის ხელმძღვანელი საქართველოში უკანონო ნადირობის წინააღმდეგ ბრძოლის წინა ხაზზე დგას", - წერია სტატიაში.  "ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ადგილია უკანონოდ ნადირობის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით", - აღნიშნავს სულამანიძე "დოიჩე ველეს" ჟურნალისტთან ინტერვიუში.

როგორც სტატიაში წერია, ლაგოდეხის ტყეები მდიდარია როჭოთი, შურთხით, არჩვით და კავკასიური წითელი ირემით.  "მონადირეები ნადირობენ გართობის და არა საკვების მოპოვების მიზნით - საქართველოში სტუმართმოყვარეობის ძლიერი ტრადიცია არსებობს და ქვეყნის ზოგიერთ რეგიონში პატივად მიიჩნევა სტუმრის სანადიროდ წაყვანა. თუმცა, ბოლო ათწლეულის განმავლობაში საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები, მაგალითად, გერმანიის განვითარების ბანკი, გაერო-ს განვითარების პროგრამა და მსოფლიოს ველური ბუნების დაცვის ფონდი საქართველოს მთავრობას ეხმარება უკანონოდ ნადირობის პრობლემის აღმოფხვრაში. დაცული ტერიტორიების თანამშრომლებისთვის იყიდეს საპატრულო მანქანები და აღჭურვილობა, ჭოგრიტი და ფარული კამერები იმისათვის, რომ ბრაკონიერობის შემთხვევების დაფიქსირება უფრო ეფექტურად მოხდეს" , - წერს ჟურნალისტი.

"დოიჩე ველეს" სტატიაში ასევე აღნიშნულია 2012 წელს საქართველოს კიდევ ერთ დაცულ ტერიტორიაზე რეინჯერ მერაბ არევიძის მკვლელობის ფაქტიც: "ხუთი დაკავებული ეჭვმიტანილიდან მხოლოდ ერთს მიესაჯა მკვლელობის მუხლით სასჯელი. შემდეგ მას სასჯელი ხუთი წლით შეუმსუბუქეს, ორი წლის წინ კი იგი პრეზიდენტმა შეიწყალა".  როგორც სტატიის ავტორი წერს, რეინჯერები და დაცული ტერიტორიების თანამშრომლები ჩივიან, რომ სამართალდამცავი უწყებები უკანონო ნადირობის შემთხვევაზე არაადეკვატურ რეაგირებას ახდენენ. ჟურნალისტს სტატიაში მოჰყავს სულამანიძის კომენტარი, სადაც ის აღნიშნავს, რომ არსებული სადამსჯელო სისტემა უკანონოდ ნადირობის შემთხვევებზე ეფექტური არ არის: "ჯარიმა არის 50 000 ლარი. უკანონოდ მონადირეების უმრავლესობა ჩვეულებრივი ადამიანები არიან, მათთვის ეს ჯარიმა კი წარმოუდგენლად დიდია".

სტატიაში აღნიშნულია, რომ საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები შეშფოთებულები არიან იმის გამო, რომ საქართველოს დაცული ტერიტორიებისთვის თანხების გამოყოფის სანაცვლოდ, რაც ბოლო 15 წლის განმავლობაში ათობით მილიონ დოლარს შეადგენს, არ ხდება საქართველოს მხრიდან ვალდებულებების შესრულება.  "საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოს მონაცემები გვიჩვენებს, რომ 2011 და 2013 წლებში უკანონოდ ნადირობის შემთხვევები 50 პროცენტით გაიზარდა", - წერია სტატიაში.

ავტორის თქმით, გარდა იმისა, რომ უკანონოდ ნადირობა საფრთხეს უქმნის ველურ ბუნებას, ამან შესაძლოა, დონორი ორგანიზაციების აზრით, დაცულ ტერიტორიებზე ტურისტების ნაკადის კლება გამოიწვიოს.