ჯანმრთელობისთვის საშიში შებოლილი თევზის დამზადება-გასაღების ფაქტზე, შპს ,,დონატოს" ხელმძღვანელი პასუხისგებაში მისცეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, შებოლილი თევზის ფალსიფიკაციის და ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში პროდუქციის დამზადება-გასაღების ფაქტზე, შპს ,,დონატოს" ფაქტობრივი მმართველი, თენგიზ წიქარიძე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებული, შპს ,,დონატოს" კუთვნილ საწარმოში, სანიტარული ნორმებისა და დადგენილი სტანდარტების უხეში დარღვევით სისტემატურად ამზადებდა და შემდგომ რეალიზაციას უწევდა დიდი ოდენობით, ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიშ შებოლილ თევზს.

საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, პროდუქცია არ შეესაბამება დადგენილ სტანდარტებს, შეცვლილი აქვს თვისობრიობა და საშიშია სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის.

დანაშაულებრივ ფაქტზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სსკ-ის 197-ე მუხლის მესამე ნაწილით და 198-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ვადით.