აკაკი ცომაია - ხელისუფლება მზად არის, საპენსიო დანაზოგები საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენოს

„მიმდინარე ცვლილებები შინაარსობრივად გულისხმობს სახელმწიფო ბანკის შექმნას“, - ამის შესახებ რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ ეკონომიკის ექსპერტმა აკაკი ცომაიამ საპენსიო სააგენტოში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით ისაუბრა.

როგორც მან განმარტა, ის უფლებები და ფუნქცია-მოვალეობები, რაც ცვლილების მიღების შემთხვევაში „საპენსიო ფონდს“ ექნება, მიუთითებს იმაზე, რომ საპენსიო სააგენტო თავისი არსით აღარ იარსებებს.

„ბევრ მავნებლობას შორის, რომელსაც მისდევს ეს ხელისუფლება, ის, რაც ხდება საპენსიო სააგენტოსთან დაკავშირებით, ერთ-ერთი მათგანია. მიმდინარე ცვლილებები შინაარსობრივად გულისხმობს სახელმწიფო ბანკის შექმნას. ის ცვლილებები რაც დაანონსებულია, საქმიანობის მიმართულებები, საპენსიო ფონდის უფლებები, რა მიმართულებით შეუძლია განახორციელოს ინვესტიციები და შეუძლია კრედიტების გაცემაც, ეს არის უკვე სახელმწიფო ბანკი, საპენსიო სააგენტო თავისი არსით აღარ იარსებებს“, - განაცხადა აკაკი ცომაიამ.

მისი თქმით, ხელისუფლება დაგეგმილი ცვლილებებით აჩვენებს, რომ მზად არის საპენსიო დანაზოგები საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენოს. ცომაიამ დააზუსტა, რომ შესაძლოა საპენსიო დანაზოგები მაღალრისკიან პროექტებში ჩაიდოს, მაგალითად, მშენებლობაში.

„ეს მიმდინარე ცვლილებები მხოლოდ იმას ემსახურება და აჩვენებს, რომ მზად არის ხელისუფლება, დანაზოგები უბრალოდ აიღოს და საკუთარი მიზნებისთვის ან ეგოს დასაკმაყოფილებლად გამოიყენოს.

თუ ადრე საპენსიო სააგენტოს შეეძლო მხოლოდ შეესყიდა დაბალრისკიანი ფასიანი ქაღალდები, ცვლილებების მიხედვით, საპენსიო ფონდის მმართველ საბჭოს, რომელსაც მთავრობა ნიშნავს, რომელიც მხარეა, შეუძლიათ, რომ აიღონ დანაზოგები და ჩადონ ინფრასტრუქტურულ პროექტებში, გზების მშენებლობებში, სახლების აშენებაში, ან აიღონ და თქვან, რომ რაღაცაში დახარჯეს ფული, საიდანაც ელოდებიან მომავალში მოგებას“, - აღნიშნა ეკონომისტმა.

შეგახსენებთ, მთავრობა „დაგროვებითი პენსიის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანას გეგმავს, კანონპროექტის ავტორი ეკონომიკის სამინისტროა. კანონპროექტის თანახმად იცვლება მმართველობითი სისტემა, კერძოდ, საინვესტიციო და სამეთვალყურეო საბჭოები უქმდება და მათ ნაცვლად იქმნება ერთი ორგანო „მმართველობითი საბჭო“.

მმართველი საბჭო განახორციელებს დაგროვებითი საპენსიო სქემის, რისკების, ინვესტიციები მართვას და აუდიტსაც თავად განახორციელებს. საბჭოს წევრებს პრემიერ-მინისტრი დაამტკიცებს.

გარდა ამისა, კანონპროექტის მიხედვით, მოქალაქეთა დაგროვებული პენსია შესაძლოა, გაიცეს კრედიტების სახით სხვადასხვა პროექტისთვის. გარდა ამისა, იზრდება „საპენსიო ფონდის“ მართვის საკომისიოც 0.5%-დან 0.75%-მდე, რაც გამოიწვევს „საპენსიო ფონდის“ ბიუჯეტის ზრდას.

იხილეთ ასევე: მთავრობა საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს აუქმებს - კიდევ რა იცვლება „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში

"ეს კანონი ეხება თითოეული ჩვენგანის მომავლის უზრუნველყოფას - მთავრობა ახალ ავანტიურას იწყებს-საპენსიო სააგენტოს მართვის სტრუქტურას ცვლის"

„ერთ მშვენიერ დღეს საპენსიო დანაზოგები აორთქლდება“ - ეკონომიკის ექსპერტი საპენსიო სააგენტოს რეფორმაზე

"მთავრობამ გადაწყვიტა, საპენსიო სააგენტოში აკუმულირეული 5 მლრდ ლარი ისეთ პროექტებში დახარჯოს, რომელიც დიდი რისკის შემცველია"

„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში შეტანილმა ცლილებებმა შესაძლოა, ხარჯები გაზარდოს

„საპენსიო დანაზოგებმა შესაძლოა, საბჭოთა ანაბრების ბედი გაიზიაროს - ბევრი „ილესავს კბილებს“ ამ 5 მლრდ ლარზე“

მერი ტაბატაძე