EBRD-ის რეგიონალურმა დირექტორმა თბილისში გამართული ყოველწლიური შეხვედრის შედეგები შეაფასა

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონალურმა დირექტორმა ბრუნო ბალვანერამ თბილისში გამართული ბანკის ყოველწლიური შეხვედრის შედეგები ფინანსთა მინისტრთან, ნოდარ ხადურთან შეხვედრისას შეაფასა. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

"ფინანსთა სამინისტროში მოვედი, რათა ფინანსთა მინისტრისთვის გადამეცა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტის, სერ სუმა ჩაკრაბარტის და მისი მეუღლის მადლობის წერილი. ისინი მადლობას უხდიან პირადად ბატონ ნოდარ ხადურსა და მის გუნდს, რომლებმაც მოამზადეს ევრობანკის ძალიან წარმატებული წლიური შეხვედრა. ევრობანკი როგორც უწყება, მისი პრეზიდენტი, მთელი გუნდი და აქციონერები, მადლობას ვუხდით საქართველოს ხელისუფლებას და ფინანსთა სამინისტროს იმისათვის, რომ 18 თვის განმავლობაში ასე გულისხმიერად მუშაობდნენ იმ ღონისძიების ჩატარებისთვის, რომელიც აღიარებულია, როგორც მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ან ვიტყოდი, ყველაზე წარმატებული წლიური შეხვედრა. ქვეყნისთვის ამ ღონისძიების შედეგები ძალიან მნიშვნელოვანია. უპირველეს ყოვლისა, 2000 ადამიანი ჩამოვიდა საქართველოში მთელი მსოფლიოდან. ისინი წარმოადგენდნენ მთავრობებს, ბიზნესწრეებს. მეორე შედეგი ის გახლავთ, რაც სტატისტიკური მონაცემებით უკვე დასტურდება - მაისში უფრო მეტი ტურისტი ესტუმრა ქვეყანას, ვიდრე წინა წელს. ეკონომიკურ აქტივობას ჰქონდა ადგილი, რაც ძალიან კარგია სასტუმროებისთვის, მომწოდებლებისთვის, კონტრაქტორებისთვის, კვების ობიექტებისთვის. აქვე მინდა დავამატო, რომ წლიური შეხვედრის პერიოდში ევრობანკმა გააორმაგა მისი ინვესტიციების მოცულობა (წლის დასაწყისიდან ღონისძიებამდე კაპიტალდაბანდებების მოცულობასთან შედარებით). ჩვენ ღონისძიების ფარგლებში 6 ხელშეკრულება გავაფორმეთ - 2 კომპანია "ავერსთან", "სტერეო პლუსთან", "ბაზისბანკთან" და 2 მნიშვნელოვანი ურთიერთგაგების მემორანდუმი: ერთი "ნენსკრას" უმსხვილესი ჰიდროელექტროსადგურის, ხოლო მეორე - ქარის ელექტროსადგურების პარკის თაობაზე. ძალიან გვახარებს, რომ საქართველო მალე დაინახავს ამ დიდი პროექტების შედეგებს," - განაცხადა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონალურმა დირექტორმა.