სეტყვამ ატენში ვენახები და ხეხილის ბაღები დააზიანა

გორის რაიონში სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის კონკრეტულ სამოქმედო გეგმას დღეს შეიმუშავებენ. ბოლო სამი კვირის განმავლობაში ყველაზე მძიმე შედეგები გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში წუხელ მოსულმა ძლიერმა სეტყვამ და წვიმამ გამოიწვია.

ძირითადად დაზარალებულია ატენის ხეობის რამდენიმე სოფელი. სეტყვამ ატენში ვენახები და ხეხილის ბაღები დააზიანა. ადიდებულმა მდინარემ დატბორა ბოსტნეული კულტურები, ასევე ძირიანად მოგლიჯა მრავალწლიანი ნარგავები და დატბორა საცხოვრებელი სახლები. მთიდან წამოსულმა ნიაღვარმა და ქვა-ღორღმა სოფლების - ოლოზისა და ღვარების მიმართულებით სასოფლო გზები ჩაკეტა. დახოცილია შინაური ფრინველი.

ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ ზარალი საკმაოდ დიდია და სტიქიის შედეგების ლიკვიდაციას საკუთარი ძალებით ვერ შეძლებენ. გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით ონიაშვილი წუხელ არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო. სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის კონკრეტულ სამოქმედო გეგმას დღეს შეიმუშავებენ.