მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებად სპორტსმენად ამერიკელი მოკრივე დასახელდა

"ფორბსის"  რეიტინგის თანახმად, 38 წლის მოკრივემ გასულ წელს 300 მილიონი დოლარი გამოიმუშავა

მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებად სპორტსმენად ამერიკელი მოკრივე ფლოიდ მეიუეზერი დასახელდა.

"ფორბსის" ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენების რეიტინგის თანახმად, 38 წლის მოკრივემ გასულ წელს 300 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.

ფლოიდ მეიუეზერს დიდძალი მოგება მოუტანა "საუკუნის ბრძოლამ", რომელშიც ამერიკელმა მოკრივემ 2 მაისს თავის მთავარი ოპონენტი, ფილიპინელი მენი პაკიო დაამარცხა. "საუკუნის ბრძოლის" გაყიდული ბილეთებიდან შემოსავალმა 73 მილიონი დოლარი შეადგინა, 13 მილიონი დოლარი კი სპონსორებისგან მიღებულმა თანხამ. ფლოიდ მეიუეზერმა გამარჯვების სანაცვლოდ მხოლოდ ბონუსის სახით 100 მილიონი დოლარი მიიღო.

"ფორბსის" რეიტინის მეორე პოზიციაზე აღმოჩნდა ასევე მოკრივე, ფილიპინელი მენი პაკიო, რომლის შემოსავლებმა გასულ წელს 160 მილიონი დოლარი შეადგინა. მესამე ადგილზე კი მადრიდის "რეალის" პორტუგალიელი თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ გავიდა - წლიური 79,6 მილიონი დოლარი შემოსავლით.

"ფორბსის" ცნობით, სპორტსმენთა შემოსავლები დათვლილია ანაზღაურების, ბონუსების, საპრიზო ფულადი ჯილდოებისა და სარეკლამო შემოსავლების ჩათვლით.

რეიტინგის ათეულში ასევე მოხვდნენ ლიონელ მესი - 73,8 მილიონი დოლარი, როჯერ ფედერერი - 67 მილიონი დოლარი, ლებრონ ჯეიმსი - 64,8 მილიონი დოლარი, კევინ დურანტი - 54,1 მილიონი დოლარი, ფილ მიკელსონი - 50,8 მილიონი დოლარი, ტაიგერ ვუდსი - 50,6 მილიონი დოლარი და კობი ბრაიანტი - 49,5 მილიონი დოლარი.