ირმა ქავთარაძე მიიჩნევს, რომ ლარის კურსის გამყარების ტენდენცია შენარჩუნდება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირმა ქავთარაძე მიიჩნევს, რომ ლარის კურსის გამყარების ტენდენცია შენარჩუნებული იქნება. ამის შესახებ ქავთარაძემ ჟურნალისტებს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გამართული ანგარიშის პრეზენტაციის დასრულების შემდეგ განუცხადა.  მისი თქმით, ბოლო პერიოდში ეროვნული ვალუტის კურსის გამყარება უკავშირდება იმას, რომ "ტურისტების ნაკადი გაზრდილია, ასევე ოდნავ შემცირებულია ექსპორტ-იმპორტის მოცულობა".

"იმედი მაქვს, რომ ვალუტის კურსის გამყარების ტენდენცია იქნება შენარჩუნებული და რომ ეს კურსი იქნება დასტაბილურებული. როგორც სავალუტო ფონდმა აღნიშნა, ვალუტის კურსის ცვლილებაზე გავლენა ჰქონდა რეგიონში მიმდინარე პროცესებს. თუ სხვა ქვეყნებს გადავხედავთ, საქართველოს ვალუტა მათთან შედარებით უფრო მყარია, მაგალითად, ვიდრე უკრაინის, რუსეთის, მოლდოვის, ბელარუსის ვალუტები. ასევე იქნა აღნიშნული, რომ ვალუტის კურსის ცვლილება მეტწილად არის გამოწვეული აგრეთვე იმით, რომ დოლარის კურსია გამყარებული, მაგალითად, ევროსთან მიმართებაშიც. პრინციპში სავალუტო ფონდი ვერ ხედავს დიდ პრობლემას იმაში, რაც მოხდა. მთავარია ის დადებითი ტენდენცია, რომელიც ბოლო პერიოდის განმავლობაში მიმდინარეობს - ვალუტის კურსი მყარდება და ვფიქრობ, რომ ეს ტენდენცია შენარჩუნებული იქნება", - განაცხადა ქავთარაძემ.

სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გამართულ პრეზენტაციას ეროვნული ბანკის, ხელისუფლების, ოპოზიციის, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და ექსპერტები დაესწრნენ.