თბილისში UBER-ის ტაქსით მგზავრობა უკვე შესაძლებელია

თბილისში ტაქსის გამოძახების მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი პლატფორმის UBER-ის აპლიკაცია ამოქმედდა. ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ ინფორმაცია Uber Georgia-ს პრესსამსახურში მიაწოდეს.

კერძოდ, მათი ცნობით, საქართველოში პირველად მოქალაქეებს უკვე შეუძლიათ მგზავრობა Uber Georgia-ს აპლიკაციის მეშვეობით, Uber Black-ის ტარიფში, რაც პრემიუმ კლასის მგზავრობის სერვისს სთავაზობს მოქალაქეებს.

აღსანიშნავია, რომ მგზავრებს Toyota Camry-ს ტაქსები მოემსახურება. ამასთან, სერვისი გულისხმობს რომ ავტომობილის სალონში ყოველთვის ხელმისაწვდომი იყოს დამტენი Android-ისა და iOS-ისთვის (მათ შორის Type-C), წყალი და ხელსახოცები.

რაც შეეხება მგზავრობის საფასურს, მაგალითისთვის - Uber Black-ის ტარიფში თავისუფლების მოედნიდან ფილარმონიამდე მგზავრობის ღირებულება - 7 ლარი, ხოლო Rooms Hotel-დან „გარდენია შევარდნაძემდე“ გადაადგილება დაახლოებით 16 ლარად იქნება შესაძლებელი. მგზავრები თანხის გადახდას შეძლებენ, როგორც ნაღდი ანგარიშსწორებით, ასევე აპლიკაციაზე მიბმული საბანკო ბარათით.

„პრემიუმ მგზავრობაზე სერვისის პარტნიორების მხოლოდ ყველაზე გამოცდილ მძღოლებს აქვთ წვდომა. ესენი არიან პროფესიონალები 4.85 ან მეტი რეიტინგით, რომლებმაც გაიარეს ვიდეო ინტერვიუები და სერვისის სტანდარტების დამატებითი მომზადება. თითოეულ ჯავშანზე, ისინი იცავენ მკაცრ დრესკოდს და მგზავრებს აწვდიან სერვისს, რომელიც აკმაყოფილებს პრემიუმ მგზავრობის მაღალ სტანდარტებს,“ - აცხადებენ Uber Georgia-ს პრესსამსახურში.

იხილეთ ასევე: საქართველოში შესაძლოა, UBER-ის ტაქსები გამოჩნდეს

მერი ტაბატაძე