"გუდვილს" კიდევ ერთი რეაბილიტაციის მმართველი ეცვლება

ჰიპერმარკეტ "გუდვილის" რეაბილიტაციის მმართველი იცვლება, - აღნიშნული თხოვნით თბილისის საქალაქო სასამართლოს თავად მოქმედმა მმართველმა, გიორგი ჩუმაშვილმა და კრედიტორებმა მიმართეს.

როგორც bpn-ს "გუდვილის" მენეჯმენტმა განუცხადა, პოზიციის დათმობის სურვილი თავად გიორგი ჩუმაშვილმა გამოთქვა, თუმცა, მიზეზი არ დაუკონკრეტებიათ. კომპანიის რეაბილიტაციის ახალ მმართველს 16 ივნისს დაგეგმილ კრედიტორების კრებაზე აირჩევენ.

აღსანიშნავია, რომ "გუდვილის" მიმართ გადახდისუუნარობის საქმე სასამართლოში 2013 წლის სექტემბერში დაიწყო. არაოფიციალური ინფორმაციით, მას და შვილობილ კომპანია "მარშეს" კრედიტორების წინაშე 50 მლნ ლარის დავალიანება დაუგროვდა, თუმცა, კომპანია გაკოტრებას გადაურჩა და ორი წელია, რეაბილიტაციის პროცესშია. რეაბილიტაციის მმართველად კრედიტორთა დაპირისპირების მიუხედავად, თავდაპირველად კომპანია PKH დაინიშნა. თუმცა, რამდენიმეთვიანი მუშაობის შემდეგ საქმეს ჩამოშორდა.

ბელა ნოზაძე