5 თვის მონაცემებით, ევროკავშირის ქვეყნებში აგროსურსათის ექსპორტის ღირებულება 2-ჯერ გაიზარდა

2015 წლის 5 თვის ოპერატიული მონაცემებით, ევროკავშირის ქვეყნებში აგროსურსათის ექსპორტის ღირებულება 2-ჯერ გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, 2015 წლის 5 თვის მონაცემებით, ევროკავშირის ქვეყნებში აგროსურსათის ექსპორტის ღირებულება 86.5 მლნ აშშ დოლარს შეადგენს და 2-ჯერ აღემატება 2014 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელს, ასევე თითქმის 3-ჯერ 2013 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელს.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ევროკავშირში ძირითადად ექსპორტირებულია: თხილი, სპირტიანი სასმელები, ღვინო, მინერალური და მტკნარი წყლები, გადამუშავებული თხილი, ხილ-ბოსტნეულის წვენები და სხვა. "აღნიშნულ პერიოდში ევროკავშირის ქვეყნებში თხილის ექსპორტის ღირებულება 60 მლნ აშშ დოლარია და 4.5-ჯერ მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე, რაც აგროსურსათის ექსპორტის მაღალი მაჩვენებლის ძირითადი მიზეზია", - აცხადებენ სამინისტროში.

მათივე განმარტებით, 2015 წლის 5 თვის მონაცემებით, ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოს ძირითად სავაჭრო პარტნიორებს იტალია (23 მლნ აშშ დოლარი) და გერმანია (19.4 მლნ აშშ დოლარი) წარმოადგენენ.  "წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით იტალიაში ექსპორტი 8-ჯერ გაიზარდა, ხოლო გერმანიაში - 2.6-ჯერ. აღნიშნულ ქვეყნებში ექსპორტის მაღალი მაჩვენებელი თხილის ექსპორტითაა გამოწვეული. მთლიან აგროსასურსათო ექსპორტში ევროკავშირის წილი 37%-ია", - განმარტავენ უწყებაში.