მინდია ჯანელიძე - თბილისში ზარალი სავარაუდოდ, რამდენიმე ათეულ მილიონ ლარს გადააჭარბებს

თბილისისთვის წუხანდელი სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი, სავარაუდოდ, რამდენიმე ათეულ მილიონ ლარს გადააჭარბებს, - ამის შესახებ უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანმა მინდია ჯანელიძემ საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბარში განაცხადა.

მისივე განმარტებით, ამ დროისთვის დადასტურებული ინფორმაციით, გარდაცვლილია 8 ადამიანი. ასევე, არსებობს ინფორმაცია უგზო-უკვლოდ დაკარგულების შესახებ.

"კრიზისების მართვის საბჭოში შექმილია საგანგებო შტაბი, რომელსაც ხელმძღვანელობს პრემიერ-მინისტრი. ჩართულია ყველა უწყება, რომელიც საჭიროა კრიზისული ვითარების განმუხტვისთვის. თითოეულ სამინისტროს გააჩნია თავისი სამოქმედო გეგმა და ახორციელებენ კონკრეტულ სამუშაოებს. უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები, ასევე თბილისში ყველა კრიტიკულ უბანზე ტარდება გაწმენდითი სამუშაობი და პარალელურად ხორციელდება ზარალის დათვლა. ასევე ხდება იმ ოჯახების თავშესაფრებში გადაყვანა, რომლებსაც საცხოვრებელი სახლები დაუზიანდათ. რაც შეეხება ზარალს, ზუსტ რიცხვზე საუბარი ამ ეტაპზე ნაადრევია, რადგან მისი დათვლა ახლა მიმდინაროებს, მაგრამ წინასწარი ინფორმაციით, ზარალი რამდენიმე ათეულ მილიონ ლარს გადააჭარბებს", - განაცხადა მან.

მინდია ჯანელიძის ინფორმაციით, ამის მიუხედავად პანიკის საფუძველი არ არსებობს. "ყველა ის ღონისძიება ტარდება, რაც საჭიროა კრიზისული ვითარების დასარეგულირებლად. დღის განმავლობაში საგანგებო შტაბი ისევ შეიკრიბება და დამატებით ინფორმაციას ამის შემდეგ მოგაწვდით", - აღნიშნა ჯანელიძემ.