„ე.წ ხიშნიკები რომ აიკრძალება, ავტოსადგურებში მგზავრთნაკადი მოიმატებს - მზად ვართ ყველანაირი ხარჯისთვის“

„მზად ვართ ყველანაირი ხარჯისთვის“, - ასე ეხმაურება „ბიზნესპრესნიუსთან“ „დიდუბის ავტოსადგურის“ ხელმძღვანელი, ნესტორ მიქატაძე ავტოსადგომებთან დაკავშირებით რეგლამენტში შეტანილ ცვლილებებს.

შეგახსენებთ, რომ დამტკიცდა „ავტოსადგურის და ავტოსადგომის ფუნქციონირების წესისა და პირობების“ შესახებ ტექნიკური რეგლამენტი, რომლის მიხედვითაც, ავტოსადგურებისა და ავტოსადგომების ფუნქციონირებისთვის საჭირო მოთხოვნები ჩამოყალიბდა. კერძოდ, დოკუმენტი ადგენს ავტოსადგურების ტერიტორიის, შენობა-ნაგებობების, საწარმო და საყოფაცხოვრებო ობიექტების მიმართ უსაფრთხოების, ადამიანთა და ცხოველთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, გარემოს, საკუთრების დაცვის მოთხოვნებსა და ა.შ.

როგორც ჩვენთან საუბარისას მიქატაძე ამბობს, რეგლამენტის შემუშავების პროცესში ჩართულები იყვნენ და დოკუმენტი მათი მოთხოვნების უმეტეს ნაწილს ასახავს. თუმცა, „დიდუბის ავტოსადგურის“ ხელმძღვანელი არ ეთანხმება რეგლამენტის ვადებს, რომლის მიხედვითაც, ავტოსაგურებს 1-წლიანი პერიოდი მიეცათ მოთხოვნებზე მორგებისთვის.

„ერთი წელია ავტოსადგომებისთვის გაწერილი. საკმარისი იქნებოდა ერთ-ორი თვეც, მაგრამ გაითვალისწინეს, ალბათ, ავტოსადგომების მოთხოვნები. დიდი ვადები არის განსაზღვრული მგზავთგადამყვანებისთვისაც, რომლებსაც სჭირდებათ ნებართვის აღება. კერძოდ, საუბარი არის იმაზე, რომ მომავალი წლის 1-ელ მარტამდე უნდა უზრუნველყონ მგზავრთგადამყვანებმა შესაბამისი ნებართვების აღება”, - აღნიშნა მიქატაძემ.

ავტოსადგურებს აქვთ მოლოდინი, რომ რეგლამენტის სრულფასოვნად ამოქმედების შემდეგ გაიზარდება მგზავრთნაკადი. მიქატაძის თქმით, მოთხოვნის ზრდამ შესაძლოა, გაზარდოს ხარჯები, თუმცა, ამის მიუხედავად, მზად არიან, შესაბამისი ღონისძიებების გასატარებლად.

„ახალი რეგლამენტით საუბარია იმაზე, რომ მგზავრთნაკადი გაიზრდება. როცა აიკრძალება ე.წ ხიშნიკები და უკონტროლოდ არაკანონიერად გამავალი მანქანები, მოიმატებს ავტოსადგურებში მგზავრთნაკადი. მზად ვართ, რომ გავზარდოთ როგორც რეისების რაოდენობა, ასევე სიხშირე. ჩვენთან მოთხოვნა რამდენიც იქნება, იმდენ რეისამდე გავზრდით, თუ საჭირო გახდა, მანქანასაც დავამატებთ, მინივენების ჩამოყვანა თუ იქნება საჭირო, ჩვენი მძღოლების რაოდენობას ჰყავს მინივენი, ვისაც არ ჰყავს, მოვიძებთ, გავუფორმებთ ხელშეკრულებას და ეს საკითხი ერთხელ და სამუდამოდ დაექვემდებარება კონტროლს“, - განაცხადა ნესტორ მიქატაძემ.

იხილეთ ასევე: როგორ უნდა იყოს მოწყობილი ავტოსადგური მგზავრთა მომსახურებისთვის - ცვლილებები ძალაში შევიდა

რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს ავტოტრანსპორტი მგზავრთა გადაყვანისთვის - მთავრობამ ახალი რეგლამენტი მიიღო

მერი ტაბატაძე