თუშურ ფარდაგებში ჩაქსოვილი საიდუმლო

საქართველოში ყველამ იცის, რომ თუშის ქალები ოდითგანვე კარგი მქსოველები იყვნენ. ალვანში გაზრდილმა ნანული აზიკურმა ხელსაქმე ბავშვობიდან შეიყვარა, რადგან მისი დედა და ბებია თითქმის ყოველთვის ქსოვდნენ. ჩვენი სტუმარი ეთნოგრაფი გახლავთ და ამ დარგში რამდენიმე წიგნის ავტორია. ამბობს, რომ თუშური ფარდაგების ქსოვაში ხშირად ღამეები უთენებია და ეს საქმე მისი სულის ნაწილად იქცა. ის დღეს თუშური ფარდაგების სილამაზის საიდუმლოს გაგვიმხელს.

- ქართული ხალიჩები და ფარდაგები იმით გამოირჩევა, რომ ძალიან კოლორიტულია. თუ სხვა ხალხებს მკაცრი კანონების შესატყვისი ორნამენტული კომპოზიციები აქვთ, ჩვენთან მქსოველი ხშირად მიმართავს იმპროვიზაციას. ამიტომ ჩვენს ფარდაგებში ავტორის მეტი თავისუფლება იგრძნობა. აღმოსავლურ ხალიჩებსა და ფარდაგებში თუ ერთი წერტილი დასმულია მარჯვნივ, მარცხნივაც ისეთივე წერტილი მეორდება და მთელი კომპოზიცია სრული სიმეტრიით იქსოვება. სიმეტრია ჩვენთანაც არის, მაგრამ ბევრ თავისებურებასაც ნახავთ.­ ქართულ ნაწარმში უფრო მეტი შემოქმედება და თავისუფალი აზროვნება იგრძნობა. არის კიდევ ერთი თავისებურება: ქართული ხალიჩებისა და ფარდაგების დომინანტური ფერი შავია, მერე მოდის თეთრი. ერთი სიტყვით, ქართულ და საკუთრივ, თუშურ ფარდაგებში წამყვანი ორი ფერია - შავი და თეთრი.

- შავი ფერის გამორჩეული სიყვარული უცხოელებს ჩვენს ეროვნულ თვისებად მიაჩნიათ...

- ალბათ, ამასაც აქვს მიზეზები. ცნობილია, რომ ქართველები, ძირითადად, მიწის მუშაკები იყვნენ და მათთვის ეს ფერი უფრო მისაღები იყო. თეთრ ჩოხას უმეტესად ქორწილებში იცვამდნენ. ამავე დროს, შავი ფერი გარდაცვლილ ახლობელზე გლოვის ნიშანია. ჩვენს ქალებს ომებში ხშირად ეღუპებოდათ ახლობლები და უმეტესად შავი ფერის კაბები ეცვათ. შავი ფერის­ სამოსი ხელსაყრელი იყო ღამის ბრძო­ლებისთვისაც. ცნობილია, რომ მებრძო­ლებს ხშირად შავი ფარები ჰქონდათ და შავფაროსნებიც ამიტომ დაარქვეს...

- თუშური ფარდაგები რომ საკმაოდ ჭრელი და ფერადოვანია?

- თუშური ფარდაგი მართლაც ჭრელია, მაგრამ შედარებით მკრთალი ფერებით არის ნაქსოვი. არსებობს ერთი საინტერესო წიგნი, სადაც არაჩვეულებრივი ფარდაგებია დაბეჭდილი. ამ წიგნში ნახავთ ძალიან ლამაზ აზერბაიჯანულ, სომხურ და დაღესტნურ ფარდაგებს, მაგრამ საქართველოს რომ მიადგები, სუნთქვა შეგეკვრება - ეს სულ სხვა სამყაროა. მას სწორედ გამორჩეული კოლორიტი ქმნის - ჩვენი ფარდაგები ჭრელია, მაგრამ შედარებით მშვიდი ფერებით გამორჩეული.

თუშური ფარდაგების ქსოვა საოცარი პროცესია: ქსოვ, ქსოვ და აღარ გინდა, მოშორდე. ღამეებსაც კი ათენებ. ბუნებაში ყველაფერი შეხამებულია და როგორც ველ-მინდვრებს ამშვენებს სხვადასხვა ფერის ყვავილები, ასევე თუშურ ფარდაგშიც ბევრი ლამაზი ფერია ერთად წარმოდგენილი. მოგეხსენებათ, თუშები, ძირითადად, მეცხვარეები იყვნენ. ქალი რომ ამ სილამაზეს შეჰყურებდა და თან ცხვარში წასულ ძმაზე, მამაზე, მეუღლეზე დარდობდა და ფიქრობდა, ლამაზი ნახელავი გამოუვიდოდა, აბა, რა იქნებოდა? მიმაჩნია, რომ ეს სილამაზე სწორედ ამ ლამაზი ბუნებისა და მონატრების შედეგია. სხვათა შორის, ძველად მთაში ქალის სოციალური სტატუსიც ხელსაქმით განისაზღვრებოდა, ამიტომ ყველა ცდილობდა, სხვაზე უკეთ მოექსოვა.

იხილეთ სრულად