გარემოს დაცვის სამინისტრო სტიქიის ამსახველ გრაფიკულ ვიდეომასალას აქვეყნებს

საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო თბილისში, 13 ივნისის სტიქიის განვითარების გრაფიკას აქვეყნებს. უწყების განცხადებით, მდინარე ვერეს მარჯვენა ფერდობზე, სოფელ ახალდაბის მიმდებარე ტერიტორიასთან, წყნეთი-ბეთანიის საავტომობილო გზაზე ადგილი ჰქონდა კლდეზვავური ტიპის მეწყრული პროცესების განვითარებას.

"კერძოდ, მოწყდა დაახლოებით მილიონ მეტრ კუბამდე მყარი მასა, რამაც განაპირობა ღვარცოფული ნაკადის წარმოქმნა, ნაკადმა დროებით ჩაკეტა მდინარე ვერეს ხეობა. ყოველივეს წინ უძღოდა უხვი ატმოსფერული ნალექების მოსვლა სეტყვისა და წვიმის სახით. შექმნილი ხანმოკლე წყალშეგუბების გარღვევას მოჰყვა მდინარე ვერეს ხეობაში წყლის დონის აწევა, ღვაროცოფული ნაკადის გავლა და ცალკეული ადგილების დატბორვა. დღეის მდგომარეობით, სტიქიური პროცესის არეალში მსგავსი მასშტაბის მოვლენა არ ივარაუდება, თუმცა ადგილი ექნება პროცესების არამასშტაბურ გააქტიურებას. მობილიზებულია გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგები და ჰიდროლოგების ჯგუფები, რომლებიც იმყოფებიან სხვადასხვა სტიქიურ ადგილებში და აწარმოებენ პროცესების დეტალურ შესწავლას და აქტიურ მონაწილეობას იღებენ სტიქიის შედეგების ლიკვიდიაციისა და პრევენციის პროცესებში", - ნათქვამია გარემოს დაცვის სამინისტროს განცხადებაში.