GWP: მელიქიშვილის და ჭავჭავაძის გზის ჩამონგრევის შედეგად საკანალიზაციო მილის 15 მეტრიანი მონაკვეთი დაზიანდა

”მიმდინარეობს დაზიანებული საკანალიზაციო მილების შეცვლა”

საკანალიზაციო მილების მწყობრიდან გამოსვლის შედეგად, წუხელ მელიქიშვილისა და ჭავჭავაძის გამზირზე სავალი გზის მონაკვეთი ჩამოინგრა. როგორც bpn.ge-ს ”ჯორჯიან ენდ უოთერ ფაუერის” (GWP) გენერალურმა დირექტორმა გიორგი ცხადაძემ განუცხადა, სტიქიის შედეგად საკანალიზაციო მილის 15 მეტრიანი მონაკვეთი დაზიანდა.

”რთული სიტუაციაა, სტიქიის შედეგად მელიქიშვილისა და ჭავჭავაძის გამზირებზე გზის გარკვეული მონაკვეთი ჩაინგრა. მიწისქვეშ გათბობის ძველი მილებია დარჩენილი, რომელიც ამორტიზებულია. როცა ზემოდან წყალი წამოვიდა, მილებში შევიდა და გადმოვიდა, შედეგად საკანალიზაციო მილები დააზიანა. ამჟამად, გათბობის მილები მოვჭერით და ამოვიღეთ, ხოლო დაზიანებულ საკანალიზაციო მილებს ახლით შევცვლით. სავარაუდოდ, ხვალ დილისთვის ამ გზაზე მოძრაობა აღდგება,” - აღნიშნა ცხადაძემ.

მისივე თქმით, უბედური შემთხვევა არანორმალურმა სტიქიურმა მოვლენამ გამოიწვია. როგორც კომპანიის დირექტორი ამბობს, სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის მიუხედავად, დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ძველი ქსელების რეაბილიტაცია არა სტიქიის მიხედვით, არამედ გეგმის მიხედვით მოხდება.

სალომე გოგოხია