„ჯიპიაი ჰოლდინგი“ სტიქიით დაზარალებულ დაზღვეულებს ზარალს კვირის ბოლომდე სრულად აუნაზღაურებს

"ჯიპიაი ჰოლდინგი" სტიქიით დაზარალებულ დაზღვეულებს ზარალს კვირის ბოლომდე სრულად აუნაზღაურებს. "ჯიპიაი ჰოლდინგის" ინფორმაციით, ზარალის ანაზღაურება ფრანშიზის გარეშე მოხდება - დაზღვეულები კომპენსაციას 100%-ით მიიღებენ. "ჯიპიაი ჰოლდინგში" ზარალების დარეგულირების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. "ჯიპიაი ჰოლდინგის" ანაზღაურების მენეჯერები სტიქიის ღამეს მოვლენების ეპიცენტრში იმყოფებოდნენ და თავდაუზოგავად ცდილობდნენ დაზარალებულების დახმარებას. ცხელ ხაზზე ასამდე შეტყობინება შემოვიდა, ძირითად შემთხვევაში ზარები ბინებისა და მანქანების დატბორვით დაზიანებას ეხებოდა", - ნათქვამია ინფორმაციაში.

როგორც "ჯიპიაი ჰოლდინგის" გენერალური დირექტორი, პაატა ლომაძე აცხადებს, 13 ივნისის მოვლენებით ასობით მათი დაზღვეული დაზარალდა. "ეს ძირითადად უკავშირდება ქონებრივ რისკებს და ავტომობილების დაზიანებას. ავტომობილების უმეტესობის გამოყენება ფაქტიურად შეუძლებელია. ჩვენი ზარალების მომსახურების ჯგუფი საგანგებო რეჟიმში აგრძელებს მუშაობას, რომ კვირის ბოლომდე სრულად გვქონდეს გაცემული ანაზღაურება და მაქსიმალურად ოპერატიულად განვახორციელოთ დარეგულირების პროცესი", - განაცხადა პაატა ლომაძემ. მისივე თქმით, სტიქიით გამოწვეული სრული ზარალის დაანგარიშება ახლა მიმდინარეობს და ზუსტი ციფრები კვირის განმავლობაში გახდება ცნობილი. სავარაუდოდ, თანხის მთლიანი ოდენობა 500 000 ლარს გადააჭარბებს.

15 ივნისის უქმედ გამოცხადების მიუხედავად კომპანია მიიჩნევს, რომ სადაზღვევო საქმიანობიდან გამომდინარე ასეთ დროს ყველაზე მნიშვნელოვანი მყისიერი რეაგირებაა. შესაბამისად, კომპანიის ცხელი ხაზი და ზარალების ანაზღაურების დეპარტამენტი დღეს საგანგებო რეჟიმში იმუშავებს. შეუფერხებლად აგრძელებს პაციენტების მიღებას კლინიკა "კურაციოც".

სადაზღვევო კომპანიაში ზარების მიღება გრძელდება. "ჯიპიაი ჰოლდინგის" ცხელი ხაზის ნომერია: 2 505 111.