„ეს არის მკვდარი მუხლი, სანქცია არ აქვს“ - რატომ ფუნქციონირებს ექსპლუატაციაში მიუღებელი შენობები

საქართველოს მასშტაბით, შენობა - ნაგებობების 80% სახელმწიფოს მიერ შემოწმებას არ გადის, შესაბამისად, ექსპლუატაციაში მიღებული არ არის. ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ სამართლის დოქტორი, სამშენებლო სამართლის სპეციალისტი უჩა ზაქაშვილი ესაუბრა. მისივე ინფორმაციით, 2021 წელს მიღებული კანონით, რომელიც ექსპლუატაციაში მიუღებელი ობიექტების ფუნქციონირების აკრძალვას გულისხმობს, ხარვეზი აქვს, რადგან ჩანაწერში საუბარი არ არის სანქციაზე.

კერძოდ, უჩა ზაქაშვილის განმარტებით, ასეთი ობიექტების ფუნქციონირების შემთხვევაში, მშენებელს არანაირი სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ ეკისრება, რადგან კანონი მხოლოდ კრძალავს, ზომებს კი არ ითვალისწინებს.

შეგახსენებთ, რომ სულ ცოტა ხნის წინ, ვაშლიჯვარში, მოსახლეობას 2019 წელს აშენებული კორპუსის დაცლა მოუწია. მიზეზი შენობის ავარიული მდგომარეობაა. სპეციალისტებს უჭირთ შესწავლის გარეშე კონკრეტულ მაგალითზე საუბარი, თუმცა ამბობენ, რომ პრობლემა მასშტაბურია და მსგავს მდგომარეობაში არაერთი კორპუსია. ამის მიზეზად კი სახელმწიფოს მხრიდან კონტროლის არარსებობას და კანონმდებლობის ხარვეზს ასახელებენ.

„2021 წელს, როდესაც ავკრძალეთ ექსპლუატაციაში მიუღებელი შენობების ფუნქციონირება, კოდექსში შევიდა ისეთი მუხლი, სადაც არის მხოლოდ აკრძალვა და არ არის სანქცია. რეალურად, კიდევ სხვა კვლევის ფარგლებში, რომელიც 2023 წლის დეკემბერში გავაკეთეთ, გამოვავლინეთ, რომ ეს არის მკვდარი მუხლი, მუხლი მუხლისთვის, იმიტომ რომ სანქცია არ აქვს. მე გიკრძალავ რაღაცის გაკეთებას, მაგრამ არ გსჯი, თუ ეს გააკეთე. როდესაც ამ საკითხს ჩავეძიეთ, აღმოჩნდა, რომ ამ ნორმის აღსრულებისთვის მუნიციპალიტეტმა და პარლამენტმა წარმოიდგინა შემდეგი, უბრალოდ, დენი და გაზი არ უნდა მიეწოდებინათ ექსპლუატაციაში მიუღებელი ობიექტებისთვის და ეს იქნებოდა მექანიზმი ამ ნომრის აღსრულების. თუმცა, კვლევამ აჩვენა, რომ როგორც თბილისის გარეთ, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, ასევე დედაქალაქის შიგნით, დენიც მიეწოდება ექსპლუატაციაში მიუღებელ ობიექტებს და წყალიც. მეტიც, სრულიად უნებართვო ობიექტებსაც კი მიწოდება. აქედან გამომდინარე, არც ეს აკრძალვა, აღსრულების მექანიზმებით, პრაქტიკაში არ აღმოჩნდა ეფექტური. ამ კანონის განხილვისას, შიდა მოსმენებზე, სხვადასხვა კომიტეტებს ჰქონდათ შენიშვნები, რა აზრი აქვს ამ მუხლის მიღებას, თუ ჯარიმა არ აქვსო, ძალიან სწორი შენიშვნები იყო, თუმცა, გათვალისწინება არ მოხდა“,- ამბობს უჩა ზაქაშვილი.

მისივე თქმით, ასეთ დროს დაზარალებულ მოსახლეობას გაფორმებული კონტრაქტების საფუძველზე შეუძლიათ კონკრეტულ მშენებელთან დავის წამოწყება, თუმცა, უჩა ზაქაშვილი აღნიშნავს, რომ პასუხისმგებლობის ნაწილში, სახელმწიფოს როლი უპირველესია.

„დღეის მდგომარეობით, სამშენებლო კომპანიას დავაჯარიმებთ თუ არ დავაჯარიმებთ, ეს ხომ პრობლემის მოგვარება არ არის. ამ საკითხს უნდა შევხედოთ უფრო გლობალურად. დამიჯერეთ, ასეთი მხოლოდ ერთი კორპუსი არ არის, არის უამრავი, აქედან გამომდინარე, თუკი კანონმდებლობაში გვაქვს ექსპლუატაციაში მიღება და რადგან კანონმდებელმა აღიარა, რომ საჭიროა მონიტორინგი, მაშინ სახელმწიფომ კეთილი ინებოს და ეფექტურად შეამოწმოს. სხვანაირად, რაც არ უნდა ვილაპარაკოთ, არაფერს აქვს აზრი. მე გეუბნებით, რომ ეს კანონი არ არის კარგი, დახვეწა სჭირდება, თუმცა რაც არის, ისიც არ სრულდება.

ასეთ ვითარებაში, მსგავსი შემთხვევები არის უკვე სამოქალაქო, კერძო დავები, ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მყიდველებს შეუძლიათ, რომ ედავონ ინვესტორს, ამაოებას მიუთითებს ეს ყველაფერი, მაგრამ ლეგალური გამოსავალი ეგ არის“,- ამბობს უჩა ზაქაშვილი.

ნინი ქეთელაური