ყოველწლიურად სტიქია საქართველოს 200 მლნ ლარით აზარალებს

საქართველოში ყოველწლიურად სტიქიისგან მიყენებული ზარალი დაახლოებით 200 მილიონი ლარია. აქ იგულისხმება დაზიანებული ინფრასტრუქტურა, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, ქონება და სხვა. გეოლოგების განმარტებით, რეგიონში საქართველო განსაკუთრებულად მეწყერსაშიში ზონაა. ამიტომ ტყეების გაჩეხვასა და მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას ხელისუფლება სიფრთხილით უნდა მიუდგეს.

როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, თბილისს თავსდამტყდარი სტიქიით მიყენებული ზარალის ზუსტი ოდენობა ჯერ უცნობია. ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა აღნიშნა, რომ ზარალი გაცილებით მეტი იქნება, ვიდრე თავდაპირველად დასახელებული 40 მილიონია.

"რაც შეეხება მატერიალურ ზარალს, ცხადია, რომ ჯერ დათვლილი არ არის. ჩვენ ვფიქრობდით, რომ 40 მილიონი იქნებოდა ზარალი, თუმცა, როგორც ჩანს, ამ თანხაში ვერ ჩავეტევით, ზარალი გაცილებით მასშტაბურია. ვმუშაობთ იმისთვის, რათა სახელმწიფო ბიუჯეტში მოხდეს თანხების გადაადგილება. ამავე დროს ვეხმიანებით დონორებსაც, რომ ან ახალი დაფინანსება მივიღოთ ან იმ დაფინანსებას, რომელიც აქამდე გვქონდა, შევუცვალოთ მიზნობრიობა", - განაცხადა ხადურმა. მთავრობა იმედოვნებს, რომ დონორი ორგანიზაციების დახმარებით საჭირო ფინანსების მობილიზებას შეძლებს.

აღსანიშნავია, რომ სტიქიის საშიშროება ჯერ კიდევ არსებობს. გუშინ, ბაგების ხევში კლდის ნაწილი ჩამოიშალა. ჩამოშლილმა კლდემ და მიწის ქანებმა ბაგების ხევი ფაქტობრივად გადაკეტა და მდინარის წყლის დაგუბების საშიშროება შეიქმნა. გარდა ამისა, მეწყერი გააქტიურდა კახეთშიც, მდინარე დურუჯის სათავე ნაგებობასთან მიწის დიდი მასა ჩამოწვა. ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგებლის ლია მზექალიშვილის განცხადებით, ბიძგების განვითარების შემთხვევაში არსებობს საშიშროება, რომ მიწის მასამ მდინარის კალაპოტი ჩახერგოს. გუშინვე მდგომარეობის შესასწავლად დურუჯის ხეობაში გეოლოგების ჯგუფი ვერტმფრენით ჩაფრინდა. მდინარე დურუჯის ხეობა მაღალი საშიშროების რისკის ზონაშია მოქცეული. ამიტომ ამ ფაქტმა გეოლოგებში განსაკუთრებული ყურადღება გამოიწვია, თბილისის ამბით დაზაფრული ყვარლის მოსახლეობა კი კიდევ უფრო მეტად შეშინდა.

რთული რელიეფის გამო საქართველოსთვის წყალდიდობები და ღვარცოფები უკვე წლებია, ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. საფრთხე ყველგანაა: აჭარა, სამეგრელო, რაჭა-ლეჩხუმი, ზემო სვანეთი, მთიულეთი, კახეთი, ქართლი - საქართველოს ყველა რეგიონი მეწყერსაშიშ ზონაშია და თუ პროცესების პრევენცია არ მოხდა, ცხადია, რომ უახლოეს წლებში შედეგი კატასტროფული იქნება. ამ ყველაფერს ისიც ემატება, რომ ქვეყანაში მდინარეების დიდ ნაწილზე ნაპირსამაგრი სამუშაოები წლების განმავლობაში არ ჩატარებულა, რაც ჩატარდა, ის საკმაოდ მცირეა. შედეგად, ქვეყნის ყველა რეგიონი საკმაოდ სერიოზული საფრთხის წინაშეა. სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის გათვალებით, პროცესების ფონური განვითარების პირობებში ქვეყნის ეკონომიკური ზარალი წელიწადში 200 მილიონი ლარის ფარგლებში მერყეობს. მათი ესქტრემალური გააქტიურების დროს კი ზარალი ასეული მილიონობით განისაზღვრება.

"რამდენიმე წლის წინათ ჩატარდა კვლევა, სადაც გეოლოგებმა სტიქიისგან ყოველწლიურად მიყენებული ზარალი 200 მილიონი ლარის ფარგლებში დათვალეს. მას შემდეგ კატასტროფების დინამიკა არ შეცვლილა და უნდა ვივარაუდოთ, რომ ზარალი ისევ ამ ფარგლებში მერყეობს", - ამბობს არასამთავრობო ორგანიზაცია "სენ"-ის წარმომადგენელი რეზო გეთიაშვილი.

კავკასიის გარემოსდაცვითი ქსელის ორგანიზაციის ინფორმაციით, 1967-87 წლებში დასავლეთ საქართველოში წარმოიქმნა და გააქტიურდა 5000-მდე მეწყრული ზონა, მათ არეალში მოექცა 560 ათასამდე ჰექტარი ფართობი, სასარგებლო ფონიდან ამოვარდა 30 000 ჰექტარი სავარგული, დაზიანდა 10 000-მდე საცხოვრებელი სახლი და ნაგებობა. 1975-76 წლებში მხოლოდ საქართველოს შავიზღვისპირეთში მეწყრებმა 900-მდე საცხოვრებელი სახლი და საზოგადოებრივ-ადმინისტრაციული შენობა დაანგრია, 5400 ჰექტარი სავარგული კი სოფლის მეურნეობისთვის გამოუსადეგარი გახდა. 1987-89 წლების კატასტროფულმა მოვლენებმა ქვეყნის ტერიტორიის ძირითადი ნაწილი მოიცვა. ზარალმა 1 მილიარდ დოლარს გადააჭარბა, 1991-92 წლების სტიქიებით მიყენებული ზარალის ლიკვიდაციას კი 10 მილიარდი ლარი დასჭირდა.

აღსანიშნავია, რომ სტიქიური პროცესების ახალი აფეთქება 2001 წლიდან დაიწყო. 2003-05 წლებში პროცესმა ექსტრემალური ხასიათი მიიღო და მეტ-ნაკლები ინტენსივობით ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე გავრცელდა. მდგომარეობა უკიდურესად გამწვავდა სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმის, მთიულეთის, აჭარის, კახეთის მთიან რეგიონებში. პროცესების გააქტიურებაა მესხეთისა და გურიის რეგიონებში, სამეგრელოსა და იმერეთის მთისწინეთში. გეოლოგიის საშიშროების საშუალო რისკის არეალში მოექცა შიდა და ქვემო ქართლის ტერიტორიებიც. საქართველოს ტერიტორიაზე 2006 წლისათვის დაფიქსირებულია 53 000-მდე მეწყერული სხეული, რომელთა საერთო ფართობი 1,5 მლნ ჰა-ს აღემატება. მათი 70% ურბანიზებული ტერიტორიების, სასოფლო-სამეურნეო მიწების და საინჟინრო ობიექტების სივრცეშია. დაზიანებულია დიდი წყალსაცავების ნაპირების 25 და საავტომობილო გზების 30%. ამ პროცესების უშუალო საშიშროების არეალშია 3000-მდე დასახლებული პუნქტი, დაახლოებით, 400 ათასი ოჯახით (2 მილიონამდე ადამიანი).

შარშან ივნისში რიკოთის უღელტეხილზე, ერთი კვირის განმავლობაში, მეწყერი ოთხჯერ ჩამოწვა, ხარაგაულის რაიონის სოფელ ხევთან 3 ათასი კუბური მეტრი მიწისა და კლდის მასამ გზის სავალი ნაწილი დააზიანა და ქვეყანა რამდენიმე მილიონი ლარით აზარალა. ასევე, შარშან დევდორაკის ხეობაში ჩამოწოლილ მეწყერს 5 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

"საქართველოს ტერიტორიის 1,5 მლნ ჰექტარზე მეტი მეწყრულ უბნებზე მოდის, ანუ ტერიტორიის 70% მუდმივი საფრთხის ქვეშაა. მთელ კავკასიაში სულ 5 ათასამდე ღვარცოფსაშიში კერა და მდინარეა აღრიცხული. მათგან 3 ათასი კი ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზეა. საქართველოს დღეისათვის, სულ 53 ათასი მეწყრული უბანი აქვს, როცა აზერბაიჯანში მათი რიცხვი 8500-ია, სომხეთში კი მხოლოდ 3000", - აცხადებს გეოლოგიის სამსახურის უფროსი ემილ წერეთელი.

აქედან გამომდინარე, გეოლოგების განმარტებით, საჭიროა ტყეების შენარჩუნება და რაც შეიძლება მეტი დაცული ტერიტორიები იმისათვის, რომ მთიანი საქართველო ღვარცოფებისა და მეწყერების კატასტროფული შედეგებისგან ნაწილობრივ მაინც გახდეს დაცული. "მწვანეთა პარტიის" თავმჯდომარე გიორგი გაჩეჩილაძე აცხადებს, რომ წყალდიდობებისა და ღვარცოფების გამომწვევი სამი ფაქტორი არსებობს - ტყის საფარის გაჩეხვა, გლობალური დათბობა და გარემოს დაცვითი კანონმდებლობის უქონლობა. გაჩეჩილაძე დასძენს, რომ გლობალურ დათბობაზე მეტად საქართველოს ტყეების ჭრა აზარალებს.

"საქართვლეოში ტყეებს ტერიტორიის 40% უჭირავს და თან ტყის 90% ფერდობებზეა განლაგებული. ამიტომაც მას, პირველ რიგში, დაცვითი ეკოლოგიური ფუნქცია გააჩნია - როგორც კი ეს საფარი ნადგურდება, ინტენსიურად წარმოიშვება ღვარცოფისა და მეწყერის საფრთხე. ეს ყველაფერი მძაფრდება, როცა გლობალური დათბობა მიმდინარეობს, დედამიწაზე ტემპერატურა მატულობს და ნალექების რაოდენობა იზრდება, რის შედეგადაც ეკოლოგიური კატასტროფები მატულობს", - ამბობს გაჩეჩილაძე.

გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი ნინო ჩხობაძე აცხადებს, რომ კლიმატის ცვლილებიდან გამომდინარე ხდება მოხშირებული ნალექების არათანაბარი გადანაწილება და ერთი სეზონის ნალექი ერთ დღეში მოდის, რაც ნიადაგის გაჯერებას იწვევს და პრაქტიკულად, ძალიან საშიში პროცესები ვითარდება. სწორედ აქედან გამომდინარე აუცილებელია ბევრი დაცული ტერიტორიების არსებობა და ამიტომაც აქვს ტყეების შენარჩუნებას დიდი მნიშვნელობა, რომ, პირველ რიგში, მოსახლეობა იყოს დაცული- მკაცრად განისაზღვროს ყველა ზონა, რომელიც მეწყერსაშიშად მიიჩნევა და წინასწარ უნდა იყოს გაფრთხილებული მოსახლეობა, რადგან ასეთი საშიში ზონები ძალიან ბევრია.

მაკა ხარაზიშვილი

წყარო: გაზეთი "რეზონანსი"