თბილისში სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად სოფლის მეურნეობის სამინისტროში საგანგებო შტაბი მუშაობს

თბილისში სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად სოფლის მეურნეობის სამინისტროში საგანგებო შტაბი მუშაობს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სამინისტროსა და სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების თანამშრომლები დაზარალებულთათვის პირველადი მოხმარების საგნებს, ტანსაცმელს, საკვებსა და სასმელ წყალს აგროვებენ. თანამშრომლების მიერ სპეციალურ ანგარიშზე ირიცხება თანხა.

სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ დანელიას განცხადებით, ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანია იმ ადამიანების გვერდში დგომა და დახმარება, რომლებიც სტიქიის შედეგად დაზარალდნენ - დაკარგეს ოჯახის წევრები, დაშავდნენ და უსახლკაროდ დარჩნენ. როგორც მინისტრმა აღნიშნა, სამინისტრო სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია როგორც ტექნიკური, ასევე ადამიანური რესურსით.

სოფლის მეურნეობის მინისტრმა მადლობა გადაუხადა იმ კომპანიებს, რომლებიც აქტიურად ჩაერთნენ დაზარალებულთა დახმარების პროცესში; ეს კომპანიებია: "კულა", "ალაფი","ჯეოპასტი", "ქარვა", "პური", "წყალი მარგებელი", "ლეგიჯგუფი", "აგარის შაქრის კომპანია", "პური ჩვენი არსობისა".