რიკოთი მისახედია, სულ ასეთი შემთხვევები იქნება თუ არ მოუარეს - გეოლოგი

საქართველოს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, გეოლოგი ალექსანდრე თვალჭრელიძე „ბიზნესპრესნიუსთან“ რიკოთის გზაზე მომხდარს ეხმაურება. ის გასულ წელს აცხადებდა, რომ „შესაცვლელია კონტრაქტორი კომპანიები, რომლებიც რიკოთის გზაზე მუშაობდნენ“. გეოლოგი განმარტავს, რომ დღესაც იმავე პოზიციაზეა.

თვალჭრელიძე მიიჩნევს, რომ 9 ივნისს ძლიერი წვიმის შედეგად გზის სავალ ნაწილზე წყლისა და ლაფის ჩამოსვლის მიზეზი არის არასწორი დაპროექტება. გარდა პროექტირებისა, მისი თქმით, საქმე შესაძლოა, გვქონდეს უხარისხოდ შესრულებულ სამუშაოებსა და არასათანადო გეოლოგიურ შესწავლასთან.

„ახლაც იმავეს ვფიქრობ - რიკოთი მისახედია, სულ ასეთი შემთხვევები იქნება, თუ არ მოუარეს. ჩემი აზრით, ეს არის არასწორად გაკეთებული პროექტი. თავის დროზე ჩვენ გვთხოვდნენ, რომ გეოლოგიური შესწავლა გაგვეკეთებინა, მაგრამ ისეთი პირობები დასვეს და შეამცირეს სამუშაოები, რომ უარი ვთქვით. უნდოდათ, რომ გეოფიზიკა გაგვეკეთებინა (ბურღილები რად გვინდაო) და არ შეიძლებოდა ამის გაკეთება. მე ვფიქრობ, რომ რამდენიმე ფაქტორი დაედო ერთმანეთს: არასათანადო პროექტირება, არასათანადო გეოლოგიური შესწავლა და ხარისხი შესრულებული სამუშაოების“, - განაცხადა თვალჭრელიძემ.

აღსანიშნავია ისიც, რომ რიკოთზე ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეული პრობლემების შემდეგ, სეისმოლოგმა თეა გოდოლაძემ განაცხადა, რომ „რიკოთის ესტაკადებს აქვთ სერიოზული პრობლემა - მიწისძვრის კუთხით ბომბია“. თვალჭრელიძეს ამასთან დაკავშირებითაც ვკითხეთ. მისი თქმით, უნდა ჩატარდეს მიკროსეისმური კვლევა და შემდეგ ინჟინრები უნდა გაარკვიონ, რამდენად გამძლეა ნაგებობები მიწისძვრისთვის.

„ეს არის შესასწავლი. მაგას სჭირდება მიკროსეისმური დარაიონება და შემდეგ ინჟინრებმა უნდა ნახონ, რამდენად პასუხობს ნაგებობები მიკროსეისმურ აქტივობებს, მაგრამ მე რაც დავდიოდი გზაზე (არა გვირაბებსა და ხიდებზე), არ მგონია რომ მიწისძვრებთან დაკავშირებით რაიმე პრობლემა შეიქმნას - თუმცა ესაა, რასაც ვხედავთ, კვლევები არ არის ჩატარებული“, - აღნიშნავს ალექსანდრე თვალჭრელიძე.

შეგახსენებთ, 9 ივნისს რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე, ხევის მიმდებარე ტერიტორიაზე, ძლიერი წვიმის გამო, ფერდობიდან წყლისა და ლაფის მასა გზაზე გადმოვიდა. აღნიშნულის გამო დროებით შეზღუდული იყო ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

იხილეთ ასევე: ღვარცოფი, საშიშროების რისკი მაღალი - რას წერენ გეოლოგები რიკოთზე

„რიკოთის ესტაკადებს აქვთ ძალიან დიდი და სერიოზული პრობლემა - მიწისძვრის კუთხით ბომბია“

მერი ტაბატაძე