„შარშანდელთან შედარებით მოთხოვნა ნაკლებია“ - როგორია ტურისტული სეზონი ბახმაროში

კურორტი ბახმარო იმ ადგილებს შორისაა, რომელსაც როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ტურისტები ხშირად ირჩევენ დასასვენებლად. კურორტი უნიკალურია მისი სამკურნალო თვისებებითა და ჰავით, სადაც ზღვის და მთის ჰაერი ერთმანეთს ერწყმის. ბახმაროში ტურისტული სეზონი, დაბალი ტემპერატურის გამო, ძირითადად ზაფხულში მიმდინარეობს.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, როგორ დაიწყო სეზონი კურორტ ბახმაროში, რამდენად დიდია მოთხოვნა სასტუმროებში და როგორია ადგილობრივი ჰოტელიერების მოლოდინები მიმდინარე წლის ზაფხულისთვის.

„პანორამა ბახმარომ“ სეზონი აპრილის დასაწყისში გახსნა. როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ სასტუმროს დამფუძნებელი გიორგი კეჭაყმაძე უყვება, ამ ეტაპზე არის მოთხოვნა და ჯავშნებიც. მიუხედავად მოთხოვნისა, კეჭაყმაძე აღნიშნავს, რომ გასულ წელთან შედარებით, მოთხოვნა შემცირებულია.

„ამ ეტაპისთვის გვაქვს ჯავშნები, მოთხოვნა მაღალია. ცოტა გვიან დაიწყო სეზონი, ჩვენ გავიხსენით 10 აპრილიდან. მას შემდეგ მზად ვართ ვუმასპინძლოთ დამსვენებლებს. ბახმაროს სეზონურობიდან გამომდინარე, მაინც გვყავს ახლა სტუმრები. ივლისი-აგვისტოსთვის დატვირთვა არის, თუმცა შარშანდელთან შედარებით მოთხოვნა ნაკლებია.

ახლა ძირითადად უცხოელები არიან, რომლებიც ჩამოდიან და ტურისტულ მარშრუტად ბახმაროს ირჩევენ, თუმცა ივლის-აგვისტოში ძირითადად ქართველი დამსვენებლები გვყავს“, - განაცხადა გიორგი კეჭაყმაძემ.

„ტერასა ბახმარომ“ სეზონი სულ ახლახან გახსნა. სასტუმროს მენეჯერი მამუკა ქათამაძე „ბიზნესპრენიუსს“ უცხადებს, რომ ჯერჯერობით მცირე რაოდენობის ჯავშნები აქვთ. „ტერასა ბახმარო“ ელის, რომ აგვისტოში მოთხოვნა შედარებით მეტი იქნება.

„ჯერჯერობით არ გვყავს დამსვენებლები. ახლა დავიწყეთ სეზონი, ჯერჯერობით, არ არიან სტუმრები. 1-ელი ივლისიდან დაიწყებს სავარაუდოდ ნაკადი. აგვისტოსთვის მოლოდინები გვაქვს დიდი, იქამდე - ნაკლები. ადგილობრივები არიან ჩვენთან ძირითადად“, - განაცხადა მამუკა ქათამაძემ.

იხილეთ ასევე: „წელს ცხელ ზაფხულს გვპირდებიან, ველოდებით ბევრ დამსვენებელს“ - როგორია მოლოდინი აჭარაში

„ძირითადი ნაკადი ევროპიდანაა... ბევრი გერმანელი სტუმარი გვყავს“ - როგორია მოლოდინი მესტიაში

მერი ტაბატაძე