"აფბა" მიიჩნევს, რომ პროექტი "ჯვარი-ხორგა" ელექტროსისტემის ავტონომიურობას გაზრდის

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია - "აფბა" მიიჩნევს, რომ პროექტი "ჯვარი-ხორგა" ელექტროსისტემის ავტონომიურობას გაზრდის.

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ინფორმაციით, "აფბა" ახალი, ძალიან მნიშვნელოვანი "ჯვარი-ხორგას" ქვესადგურის მშენებლობის დაწყებას ეხმაურება, რომელიც წალენჯიხის რაიონის სოფელ ლიაში შენდება. "აფბას" ანალიტიკოსის ანდრია გვიდიანის განცხადებით, ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის ინფრასტრუქტურის გაძლიერებაში აღნიშნული სადგური უმნიშვნელოვანეს როლს ითამაშებს. პროექტის ფარგლებში მოხდება ჯვარში ახალი 500/220 კვ-იანი ქვესადგურის მშენებლობა. გარდა ამისა, პროექტი 8 კმ სიგრძის საჰაერო გადამცემი ხაზის მშენებლობას ითვალისწინებს, რომელიც მიუერთდება 500კვ-იან გადამცემ ხაზს "კავკასიონს".

მან ასევე აღნიშნა, რომ პროექტი ძალიან საინტერესოა ფინანსური კუთხით, რომლის საინვესტიციო მოცულობა 50 მილიონი ევროა. "აღნიშნული პროექტის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი არის ქვეყნის შიგნით არსებული გადამცემი ქსელების ინფრასტრუქტურის გაძლიერება. დღესდღეობით საქართველოს გადამცემ ქსელებში არსებობს 500 კვ-იანი გადამცემი ხაზი "იმერეთი", რომელიც ძალიან დიდი დატვირთვით მუშაობს და მასზე მომხდარი ნებისმიერი ავარიის დროს შესაბამის დისკომფორტს მთელი ქვეყანა გრძნობს. ჯვარის ქვესადგური და ახალი გადამცემი ხაზი გარკვეულწილად იქნება არსებული ინფრასტრუქტურის გადამზღვევი და ასევე უზრუნველყოფს გამტარუნარიანობისა და მდგრადობის გაძლიერებას", - აცხადებს გვიდიანი.

მისი თქმით, აღნიშნული ქვესადგური ასევე მნიშვნელოვანი იქნება მდინარე ენგურის ენერგეტიკული პოტენციალის ათვისებაში. "გადამცემი ქსელების ინფრასტრუქტურას დიდი მნიშვნელობა აქვს ასევე პოტენციური ჰესების მშენებლობაში. როგორც მოგეხსენებათ, საქართველოსთვის მდინარე ენგური, ენერგეტიკულად ყველაზე საინტერესო მდინარეა, სადაც დაგეგმილია 2 დიდი ჰესის მშენებლობა, კერძოდ, "ხუდონჰესი" და "ნენსკარა ჰესი". ამ ჰესების ექსპლუატაციაში შესვლის შემდგომ მთლიან გენერაციას დაახლოებით, წლიური 2,7 მილიარდი კილოვატსაათი დაემატება. ბუნებრივია, ამხელა ენერგიის უსაფრთხოდ ათვისებას შესაბამისი ინფრასტრუქტურა სჭირდება და სწორედ "ჯვარი-ხორგას" ქვესადგური იქნება აღნიშნული ჰესების მომსახურების ობიექტი და ათვისებული ენერგიის, უსაფრთხოდ განაწილების გარანტი", - აცხადებს გვიდიანი.

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის წარმომადგენელი ასევე შეეხო "ჯვარი-ხორგას" ქვესადგურის როლს მეზობელ ქვეყნებთან ელექტროენერგიის გაცვლის საკითხში და ენერგოდამოუკიდებლობის ხარისხის განვითარებაში. "საგულისხმოა, რომ ახალი ქვესადგურის ძირითადი ოპერირების არეალი იქნება აფხაზეთის, აჭარისა და გურიის რეგიონები. აჭარის გადამცემი ქსელის ინფრასტრუქტურა სტრატეგიულ მნიშვნელობას ატარებს, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს ყველაზე დიდი საექსპორტო ბაზარი არის თურქეთი და აჭარაში გაძლიერებული ინფრასტრუქტურა პოტენციურად შეიძლება გახდეს თურქეთთან ახალი გადამცემი ქსელის მშენებლობის წინაპირობა", - აცხადებს გვიდიანი.

მისივე თქმით, "ჯვარი-ხორგას" პროექტს ასევე მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს საქართველოს გადამცემი ქსელის ავტონომიურობისა და დამოუკიდებლობის განვითარებაში. "საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული საქართველოს გადამცემი ქსელების ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვანწილად დამოკიდებული იყო რუსეთის ინფრასტრუქტურაზე, რაც საკმაოდ უარყოფითად აისახება ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებაზე. აღნიშნული ქვესადგურის მშენებლობით მნიშვნელოვნად შემცირდება რუსეთის გადამცემ ქსელზე დამოკიდებულება, რაც, თავის მხრივ, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისა და ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფაში", - აცხადებს გვიდიანი.