ვაკის ხორცპროდუქტების ქარხნის ნაწარმს სპეციალურ პოლიგონზე ანადგურებენ

სვანიძის ქუჩაზე მდებარე ძაღლების თავშესაფრის ლეშებისგან გაწმენდა და სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარება ხდება, - ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ საღამოს, საგანგებო შტაბის სხდომაზე, სვანიძის ქუჩაზე არსებული შედეგების შეჯამებისას ისაუბრა. მისივე ინფორმაციით, მკვდარი ძაღლების განადგურება სპეციალურ კრემატორიუმში ხორციელდება.

"სვანიძის ქუჩაზე მდებარე ძაღლების თავშესაფრის მკვდარი ძაღლებისგან გაწმენდის შემდეგ ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები. გრძელდება მუშაობა დარჩენილი ცხოველების, ასე ვთქვათ, ლეშებისგან ბოლომდე გასაწმენდად. რა თქმა უნდა, აქაც დაცულია ყველა საჭირო უსაფრთხოების ზომები. ხდება ამ ცხოველების – ლეშების განადგურება სპეციალურ ლეშის გამანადგურებელ კრემატორიუმში", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერმა სვანიძის ქუჩაზე არსებულ ხორცპროდუქტების ქარხანაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქარხნიდან 30 ტონამდე მავნე პროდუქტია გატანილი. "სტიქიის შედეგად განადგურებულია შპს "ხორცპროდუქტების ქარხანა ვაკე" და გატანილია 30 ტონამდე მავნე ნივთიერებად მიჩნეული მზა სურსათი და ნედლეული. მათი განადგურება ასევე ხდება თბილისის მყარი ნარჩენების პოლიგონზე და რაც მთავარია, სურსათის ეროვნული სააგენტოსა და სახელმწიფო ვეტერინარების ზედამხედველობით", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.