"სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებს ალბათ, 100 მლნ ლარიც არ ეყოფა"

სტიქიის შედეგად თბილისისთვის მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო სამუშაოებს ალბათ, 100 000 000 ლარიც არ ეყოფა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განუცხადა. მისივე განმარტებით, ზოოპარკთან მიმართებაში მთავრობას რამდენიმე ათეული მილიონი ლარი დასჭირდება.

"გუშინ საღამოს მონაცემებით სახელმწიფო ხაზინაში და კომერციულ ბანკებში მობილიზებულია დაახლოებით 17 მილიონი ლარი, აქედან 10 მილიონი გამოყო საქართველოს მთავრობამ სარეზერვო ფონდიდან, თუმცა ცხადია, ეს არ არის საკმარისი თანხა. ზარალი არის ძალიან დიდი. სამწუხაროდ, ალბათ, 100 მილიონი ლარიც არ ეყოფა სალიკვიდაციო სამუშაოებს. მხოლოდ ზოოპარკთან მიმართებაში რამდენიმე ათეული მილიონი ლარი დაგვჭირდება", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.

ფინანსთა მინისტრის განმარტებით, მომხდარის გამო მთავრობამ შეაჩერა პარლამენტში ბიუჯეტის პროექტის წარდგენა, რათა მისი რეალობასთან მორგება მოხდეს. "ჩვენ შევეცდებით შექმნილი ვითარება გავითვალისწინოთ, ამიტომ შევაჩერეთ პარლამენტში ბიუჯეტის პროექტის წარდგენა და მოხდება მისი რეალობასთან მორგება", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.