პირველ კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელმა მიმდინარე ფასებში 6 838,4 მლნ ლარი შეადგინა

2015 წლის I კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელმა მიმდინარე ფასებში 6 838,4 მლნ ლარი შეადგინა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით,  წინა წლის შესაბამისი კვარტალის მიმართ მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდა 3,2 პროცენტის დონეზე დაფიქსირდა, ხოლო დეფლატორი გაიზარდა 5,1 პროცენტით. მათივე ცნობით, მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა მრეწველობა (16,5 პროცენტი) და ვაჭრობა (16,1 პროცენტი). შემდგომ პოზიციებს იკავებს ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა (11,9 პროცენტი), სოფლის მეურნეობა, მეთევზეობა (9,4 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა (9,0 პროცენტი), მშენებლობა (6,3 პროცენტი), ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური დახმარება (6,1 პროცენტი). ზრდა აღინიშნებოდა შემდეგ დარგებში: სამთომოპოვებითი მრეწველობა (22,9 პროცენტი), მშენებლობა (17,2 პროცენტი), სასტუმროები და რესტორნები (8,9 პროცენტი), საფინანსო საქმიანობა (8,9 პროცენტი), ტრანსპორტი (8,4 პროცენტი), კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევა (8,3 პროცენტი), კავშირგაბმულობა (5,4 პროცენტი), ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა (5,2 პროცენტი), ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება-განაწილება (4,5 პროცენტი), განათლება (4,3 პროცენტი). კლება დაფიქსირდა დამამუშავებელ მრეწველობაში (-5,2 პროცენტი) და ვაჭრობაში (-2,5 პროცენტი).

როგორც "საქსტატში" აცხადებენ, 2015 წლის I კვარტალში მშენებლობის სფეროში შექმნილი მთლიანი დამატებული ღირებულების რეალური ზრდა განპირობებულია სახელმწიფო ინფრასქტრუქტურული პროექტებისა და ახალი გაზსადენის მშენებლობით. მათივე ცნობით, ტრანსპორტის სფეროში მაღალი ზრდის ტემპი წარმოადგენს რკინიგზის ტრანსპორტისა და მილსადენებით ტრასნპორტირების მნიშვნელოვანი ზრდის შედეგს. დამამუშავებელი მრეწველობის სფეროში დამატებული ღირებულების შემცირება ძირითადად განპირობებულია ალკოჰოლიანი სასმელებისა და თამბაქოს ნაწარმის წარმოების შემცირებით, ხოლო ვაჭრობის სფეროში - ავტომობილებითა და მოტოციკლებით ვაჭრობის შემცირებით.

"საქსტატის" ინფორმაციით, მთლიანი შიდა პროდუქტის გაანგარიშება კვარტალების მიხედვით ხორციელდება ყოველთვიური და ყოველკვარტალური მონაცემების საფუძველზე. შესაბამისად, აუცილებელი ხდება მთლიანი შიდა პროდუქტის წლიური დაზუსტება წლიური მონაცემების გათვალისწინებით. წლიური მონაცემები, როგორც წესი, განსხვავდება კვარტალური მონაცემებისაგან. გასული წლის წლიური მონაცემების მიღებასთან ერთად, ხელახლა ითვლება მიმდინარე წლის კვარტალური მონაცემებიც. მაგალითად, 2015 წლის პირველი და მეორე კვარტალის მონაცემები თავდაპირველად იანგარიშება 2014 წლის წინასწარი მონაცემების საფუძველზე.

მათივე ინფორმაციით, 2015 წლის ნოემბერში, 2014 წლის წლიური მონაცემების დაზუსტებასთან და 2014 წლის კვარტალური მონაცემების ცვლილებასთან ერთად, შეიცვლება 2015 წლის პირველი და მეორე კვარტალების მონაცემებიც. გარდა ამისა, 2016 წლის ნოემბერში 2015 წლის წლიური მონაცემების მიღების შემდეგ საბოლოოდ დაზუსტდება 2015 წლის კვარტალური და წლიური მაჩვენებლები.