გიორგი აბაშიშვილი ქართულ-სლოვაკური ბიზნეს-ფორუმიდან კონკრეტულ შედეგებს ელოდება

ეკონომიკურ საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი გიორგი აბაშიშვილი ქართულ-სლოვაკური ბიზნეს-ფორუმიდან ბიზნესსტრუქტურების ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების თვალსაზრისით კონკრეტულ შედეგებს ელოდება.

როგორც აბაშიშვილმა საქართველო-სლოვაკეთის ბიზნეს-ფორუმზე კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა, ბიზნესსტრუქტურების ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავება კი, თავის მხრივ, საქართველოსა და სლოვაკეთს შორის ეკონომიკური ურთიერთობის გააქტიურებას გამოიწვევს. "გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე დღეს რამდენიმე დელეგაცია იმყოფება, თუმცა მხოლოდ საქართველოს მიეცა შესაძლებლობა, რომ GLOBSEC-ის კონფერენციის პარალელურად გაემართა ბიზნეს-ფორუმი. ველოდებით, რომ მივიღებთ ძალიან კონკრეტულ შედეგებს ბიზნესსტრუქტურების ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების თვალსაზრისით, რაც, საერთო ჯამში, გამოიწვევს საქართველოსა და სლოვაკეთს შორის ეკონომიკური ურთიერთობის გააქტიურებას", - განაცხადა აბაშიშვილმა.

პრეზიდენტის მრჩევლის ინფორმაციით, ბიზნეს-ფორუმში საქართველოდან ოცდაათამდე, ძირითადად ექსპორტიორი კომპანია მონაწილეობს. ქართულ-სლოვაკური ბიზნესფორუმი ბრატისლავაში დღეს თავად საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გახსნა.