"ბიუჯეტიდან 10 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი, კერძო სტრუქტურებიდან კი მობილიზებულია 7.5 მილიონი ლარი"

ამ ეტაპზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან 10 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი, კერძო სტრუქტურებიდან კი მობილიზებულია 7.5 მილიონი ლარი, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში, გადაცემა "რეაქციაში" განაცხადა.  "ამ ეტაპზე უკვე შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ 100 მილიონი ლარიც კი არ იქნება საკმარისი ამ ზარალისთვის, თუმცა ყოველ მომდევნო ეტაპზე, როცა დაზუსტებული პროცესები და შეფასებები გვექნება, შესაძლოა, ამ ზარალის მოცულობამ მოიმატოს", - აღნიშნა ხადურმა.

მისივე თქმით, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა დონორ ორგანიზაციებთან. მაგალითად, ევროკავშირი მზად არის 3 მილიონი ევრო გამოყოს სახლების მშენებლობისთვის. გარდა ამისა, არის სხვა მიმართულებები. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ იმისთვის, რათა მოვიზიდოთ დაფინანსება, მათ შორის, ეს შეიძლება იყოს გრანტები, შეიძლება იყოს იაფი რესურსი", - განაცხადა ხადურმა.

მისივე თქმით, ხელისუფლებას აქვს კონკრეტული შემოთავაზებები, როგორც მსოფლიო ბანკისგან, ისე აზიის განვითარების ბანკისგან. "ამ ეტაპზე ჩვენ გვაქვს შემოთავაზება, რომ აზიის განვითარების ბანკი მზად არის 11 მილიონი დოლარის პრელოკაცია გააკეთოს საქართველოში განსახორციელებელი ერთ-ერთი პროექტიდან. აღნიშნული პროექტი არ შეჩერდება, ის გაგრძელდება. ჩვენ შეიძლება მუნიციპალური განვითარების ფონდის მეშვეობით თბილისში დავიწყოთ რეაბილიტაცია და ამასობაში სამი თვის განმავლობაში აზიის განვითარების ბანკი მზად არის, დამატებით 57 მილიონი დოლარის შეღავათიან ფინანსურ რესურსზე აწარმოოს მოლაპარაკება, რაც ასევე მოხმარდება დედაქალაქის ინფრასტრუქტურის აღდგენას. მსოფლიო ბანკი, USAID სხვა ორგანიზაციები ასევე მზად არიან აქტიური მონაწილეობა მიიღონ ვერეს ხეობის გეოლოგიურ კვლევაში. დღეს გავრცელდა აშშ-ის საელჩოს განცხადება, რომ ისინი მზად არიან როგორც გეოლოგიაში დაგვეხმარონ, ასევე მონაწილეობა მიიღონ ზოოპარკის ახალი ტერიტორიის შერჩევაში და დაგვეხმარონ მშენებლობაში", - განაცხადა ხადურმა.

რაც შეეხება იმას, დაატყამს თუ არა ეს სახელმწიფო ბიუჯეტს, ხადურის თქმით, ეკონომიკისთვის რთულია ასეთი სტიქიური უბედურებების გადატანა, თუმცა "ხელისუფლება მზად არის, რომ მოიზიდოს დამატებითი რესურსები, რომელიც სახელმწიფოს შედარებით გაუმარტივებს აღნიშნულ სტიქიასთან ბრძოლას".