დედოფლისწყაროში ფერმერები ქერის რეკორდულ მოსავალზე საუბრობენ

დედოფლისწყაროში ალოობა დაიწყო და უკვე ორი კვირაა, მინდვრებში ქერის ყანები გაიჭრა. ფერმერები რეკორდულ მოსავალზე საუბრობენ. ინფორმაციას ამის შესახებ qiziyi.ge ავრცელებს.

შირაქისა და ტარიბანის ველებზე ქერის საშუალო მოსავლიანობა 1 ჰექტარზე 4-დან 7 ტონამდე მერყეობს. ფერმერების ნაწილი ამბობს, რომ 1 ჰექტარზე 7 ტონა და 400 კილოგრამი ქერი მოიმკა. qiziyi.ge -ის ინფორმაციით, პარლამენტის აგრარული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილისა და დედოფლისწყაროს მაჟორიტარი ბაჩუკი გონაშვილის თქმით, სოფლის მეურნეობაში მრავალწლიანი მუშაობის მიუხედავად, ქერის ასეთი მოსავალი არასოდეს მიუღია.

დედოფლისწყაროში 5 ჰექტარზე ზევით მიწის ნაკვეთს 400-მდე ფერმერი ფლობს. ოფიციალური ინფორმაციით, დედოფლისწყარო საერთო ჯამში, სახნავ-სათესი ნაკვეთების 47 663 ჰექტარს ითვლის. აქედან წელს დათესილი იყო 11 929 ჰექტარი ხორბალი, ხოლო 2 700 ჰა-ზე - ქერი, საიდანაც საშუალოდ 40 000 ტონა ხორბალს, ხოლო 9 500 ტონა ქერს ელოდებიან.