"ალდაგი" სტიქიის შედეგად დაზარალებულ დაზღვეულებს მილიონ ნახევარი ლარის ზარალს აუნაზღაურებს

სადაზღვევო კომპანია "ალდაგმა" 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებულ დაზღვეულებს ზარალის უმეტესობა უკვე აუნაზღაურა.

სადაზღვევო კომპანიის ინფორმაციით, 14 ივნისიდან დღემდე, "ალდაგში" 100-მდე შეტყობინება შევიდა. "კომპანიის შესაბამისი სამსახურის თანამშრომლებმა ოპერატიულად მოახდინეს შემთხვევის ადგილებზე გასვლა და სიტუაციის ანალიზი. "ალდაგის" წარმომადგენლები 24 საათის განმავლობაში მუშაობდნენ, რათა დროულად და შეუფერხებლად მომხდარიყო დაზღვეულთათვის ზარალის ანაზღაურება. ზარალის ჯამურმა რაოდენობამ მილიონ ნახევარი ლარი შეადგინა. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, "ალდაგმა" გაამარტივა ზარალის დარეგულირების პროცედურები, რაც დაზღვეულებს ეხმარებათ, დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენის გარეშე, უმოკლეს დროში მიიღონ კუთვნილი ანაზღაურება. ამ ეტაპზე, სრულად დათვლილი და შესწავლილია სტიქიის შედეგად დაზიანებულ ავტომობილებზე მიყენებული მატერიალური ზარალი. დაფიქსირებული 40 შემთხვევის შედეგად, ზარალის ჯამური რაოდენობა 500 ათას ლარამდეა. ავტო მფლობელთა ზარალის 98% კომპანიამ უკვე დაარეგულირა. რაც შეეხება, ქონებრივ ზარალს, "ალდაგმა" ამ მიმართულებითაც დაასრულა ზარალის გაანგარიშება და კომპანია უახლოეს დღეებში დაიწყებს ანაზღაურების გაცემას. ქონების დაზღვევის შემთხვევაში, სტიქიამ ფიზიკური და იურიდიული პირების კუთვნილი 60 ობიექტი დააზიანა", - აცხადებენ "ალდაგში".