ფინანსური მხარდაჭერა, რომელსაც ქართული უნივერსიტეტები წარმატებულ სტუდენტებს სთავაზობენ

სტიპენდიები, როგორც სტუდენტების წახალისების საშუალება - თითქმის ყველა ქვეყანაში აპრობირებულია. გამონაკლისი არც საქართველოა. უკვე რამდენიმე წელია არსებობს სახელმწიფო სტიპენდიების პროგრამა, რომლის მიხედვითაც წარჩინებულ სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ, ყოველთვიურად 150 ლარის ოდენობის სტიპენდია მიიღონ.

სახელმწიფო სტიპენდია მოქმედებს ყველა იმ სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებელში, რომელზეც კონტროლს განათლების სამინისტრო ახორციელებს. სახელმწიფო სტიპენდიები გაიცემა თითოეულ უმაღლეს სასაწავლებელში სტუდენტთა საერთო რაოდენობის 4 პროცენტზე. სტიპენდიებისთვის წელს 4,5 მილიონი ლარი გამოიყო.

სემესტრის დასაწყისში თითოეული სახელმწიფო სასწავლებელი ადგენს წარჩინებულ სტუდენტთა რეიტინგს. მაგალითად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რეიტინგის შედგენისას ყურადღება ექცევა როგორც ნიშნებს, ასევე სტუდენტის კონფერენციებში მონაწილეობას და ა.შ. "ბაკალავრიატის სტუდენტს საშუალება აქვს 4 წლის მანძილზე 7-ჯერ მოიპოვოს სტიპენდია. მე შვიდივეჯერ მოვიპოვე. მაღალი აკადემიური მოსწრება მქონდა ყველა სემესტრში და ამავდროულად ვმონაწილეობდი კონფერენციებში, ვაქვეყნებდი სტატიებს. როდესაც იღებ ფინანსურ მხარდაჭერას, ეს დამატებითი მოტივაციაა" ,- ამბობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი მარიამ კუბლაშვილი.

სახელმწიფო სტიპენდიების განაწილების წესებს არ ეთანხმება ზოგიერთი სტუდენტი: "ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ კონფერენციებში მონაწილეობას. არის ზოგიერთი სტუდენტი, რომელიც ერთხელ დაწერს თემას და მერე ყოველ სემესტრში წარადგენს მას. კონფერენციებში თუ არ გაქვს მიღებული მონაწილეობა, პრაქტიკულად, ძალიან მაღალი ქულები უნდა გყავდეს, რომ აიღო სტიპენდია. თან მე სხვა აქტივობები არ ჩამითვალეს, მაგალითად ლიტერატურულ ინსტიტუტში სტაჟირება და "ფრანკფურტის ლინგვისტური წრის" საზაფხულო სკოლის კურსები. კონფერენციების გარდა, სტატიებსაც აქცევენ ყურადღებას. მაგალითად, სტუდენტს თელავის გაზეთში ჰყავს ნაცნობი. იქ ბეჭდავს 10 სტატიას და ჩემზე დაბალი ქულები აქვს, მაგრამ ის იღებს სტიპენდიას, მე კი ვერა", - ამბობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი სტუდენტი ნათია.

სახელმწიფო სტიპენდიების არსებულ სისტემას მისაღებად მიიჩნევს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე სერგო რატიანი: "არსებული სისტემა სახელმწიფო სასწავლებლებში არის ნორმალური, თუ იქნება უფრო მეტი თანხა ამისთვის გამოყოფილი, რა თქმა უნდა, უფრო კარგი იქნება. იმ აზრს, რომ სტიპენდია უნდა ჰქონდეს ყველას, მე არ ვიზიარებ".

უნივერსიტეტებს ასევე შეუძლიათ დააწესონ სხვა ფინანსური ჯილდოები. მაგალითად, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებობს კონფერენციებში გამარჯვებული სტუდენტების წახალისების სისტემა. "სტუდენტებს ვაძლევთ ფულად ჯილდოს. გამოიყოფა ბიუჯეტი, რომელსაც ამტკიცებს აკადემიური საბჭო, შემდეგ კი ადგილების რაოდენობა განისაზღვრება. მაგალითად, პირველ ადგილზე გასულს 200 ლარი, მეორეზე გასულ 150 ლარი, მესამეზე გასულს კი 100 ლარი გადაეცემა", - ამბობს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი შალვა ჭკადუა.

რაც შეეხება კერძო უნივერსიტეტებს, მათი ნაწილი ყოველთვიურ სტიპენდიებს გასცემს, ნაწილი კი საგრანტო სტიპენდიებს უზრუნველყოფს. "კერძო სასწავლებლები ამ მხრივ არ იზღუდებიან. რა სახის წახალისებას, სტიპენდიას თუ დახმარებას უზრუნველყოფენ სტუდენტებისთვის, ამაში თავისუფლები არიან", - აღნიშნა bpn.ge-თან საუბრისას განათლების სამინისტროს სტუდენტთა სოციალური ხელშეწყობის სამმართველოს უფროსმა ვალერიან გობრონიძემ.

"ჩვენს უნივერსიტეტში თვეში 100 ლარია სტიპენდია, რაც უდავოდ კარგია. იგი სტუდენტს ბევრ რამეში უწყობს ხელს და თან სტიმული გეძლევა, რომ უფრო მეტი იმეცადინო", - აღნიშნა "საქართველოს უნივერსიტეტის" მე-4 კურსის სტუდენტმა გიგიშა კალანდაძემ.

როგორც "კავკასიის უნივერსიტეტის" მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსმა, ელენე ჯღარკავამ bpn-თან საუბრისას აღნიშნა, კავკასიის უნივერსიტეტში წლის ბოლოს თითოეულ ფაკულტეტზე კეთდება შემაჯამებელი რეიტინგი:

"ყველა ფაკულტეტის ყოველ კურსზე გვყავს საუკეთესო სამეული. ამ სამ ბავშვს აქვს შეღავათი შემდეგი წლის სწავლების გადასახადში. პირველ ადგილზე გასულს ვუფინანსებთ სრულიად. მეორე ადგილზე გასულს 50%-ით, მესამეზე კი 30%-ით. როგორც ასეთი ყოველთვიური სტიპენდია, ჩვენთან არ არის".

ყოველთვიური სტიპენდიები არც "თავისუფალ უნივერსიტეტსა" და "ქართულ ამერიკულ უნივერსიტეტში" არსებობს. თუმცა, აღნიშნულ კერძო უმაღლეს სასწავლებლებში მოქმედებს შიდა გრანტები. "GAU თავის საუკეთესო სტუდენტებს ყოველი სემესტრის ბოლოს დაანგარიშებული კუმულაციური ქულების საფუძველზე სტიპენდიებით აჯილდოებს, რომელიც ყოველი მომდევნო ერთი სემესტრის სასწავლო გადასახადებზე ვრცელდება" , - აღნიშნა "ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის" მარკეტინგისა და კომუნიკაციების სამსახურის წარმომადგენელმა, ნანუცა კიკნაძემ.

"ჩვენ ვატარებთ სხვადასხვა კონკურსს აბიტურიენტებისთვის, რა დროსაც მათ საშუალება აქვთ მოიპოვონ სასწავლო გრანტები. უშუალოდ სტიპენდიებს კი არ გავცემთ", - ამბობს "თავისუფალი უნივერსიტეტის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი დათო გორგილაძე.

სტიპენდია კანონით დადგენილ ვალდებულებას არ წამოადგენს, იგი ერთგვარი მხარდამჭერი ღონისძიებაა. განათლების ექსპერტის, გიორგი გახელაძის თქმით, სახელმწიფო პირველ რიგში სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს უცხადებს სასტიპენდიო მხარდაჭერას. მისივე თქმით, კარგი იქნება თუ ეს კერძო სასწავლებლებზეც გავრცელდება, თუმცა, საქართველოს განათლების და მეცნიერების სისტემას საკმარისი ბიუჯეტი არ გააჩნია.

თამთა ჯიჯავაძე