საიუველირო მაღაზიების ქსელი „დელფოსი“ „გლდანი მოლში“ ახალ ობიექტს ხსნის

საიუველირო მაღაზიების ქსელი „დელფოსი“ „გლდანი მოლში“ ახალ ობიექტს ხსნის. შესაბამის ხელშეკრულებას კომპანია მოლის ადმინისტრაციასთან კვირის ბოლომდე გააფორმებს და გლდანში უკვე ორი მაღაზიით იქნება წარმოდგენილი.

„ეს დასახლება დედაქალაქში მოსახლეობის რაოდენობით ლიდერობს, განსაკუთრებით ხალხმრავალია „გლდანი მოლი“. იმ ფართში, სადაც მაღაზიას ვხსნით, ადმინისტრაციის გათვლებით, დღეში 27-32 ათასი ადამიანი მოძრაობს, შესაბამისად, იჯარაც თბილისის სხვა სავაჭრო ცენტრებთან შედარებით ძვირია და კვადრატულ მეტრზე 65-150 დოლარს აღწევს“, - განუცხადეს bpn.ge -ს „დელფოსში“.

როგორც მენეჯმენტი ვარაუდობს, ინვესტიციების სავარაუდო მოცულობა 20-23 ათასი ლარია, ამ თანხაში არ შედის პროდუქციის ღირებულება. აღსანიშნავია, რომ ლარის კურსის დევალვაციისა და წყალდიდობის გამო საიუველირო ქსელის ბრუნვა დროებით შემცირდა, თუმცა, კომპანია ინვესტიციას მაინც ხელსაყრელს უწოდებს. როგორც კომპანიაში აცხადებენ, გაყიდვების სტიმულირებას ფასდაკლებების აქციებითა და მოგების მარჟის შემცირებით ახერხებენ.

„დელფოსის“ ქსელი ამ ეტაპზე ფრანჩაიზერებისა თუ საკუთარი მაღაზიების ჩათვლით 23 ობიექტს აერთიანებს.

ბელა ნოზაძე