"13 ივნისს თბილისში მომხდარ წყალდიდობას უცხოელი ტურისტების რაოდენობაზე გავლენა არ მოუხდენია"

13 ივნისს თბილისში მომხდარ წყალდიდობას უცხოელი ტურისტების რაოდენობაზე გავლენა არ მოუხდენია, - აცხადებენ ტურისტული სააგენტოები.

როგორც კომპანია „გალერეა თრეველის“ დამფუძნებელი, თორნიკე გურული აღნიშნავს, ტურისტული სეზონი ჩვეულ რიტმში, შარშანდელის ანალოგიურად მიმდინარეობს.  „ წლის დასაწყისში შედარებით ნაკლები ტურისტები გვყავდა - თებერვლის თვე განსაკუთრებული აქტიურობით არ გამოირჩეოდა. ტურისტების ნაკადის ზრდა მაისში დაფიქსირდა, რაც მეზობელ ქვეყნებში სამაისო დღესასწაულებთან არის დაკავშირებული. ბოლო პერიოდში მკვეთრად გაიზარდა ვიზიტორების რაოდენობა ყატარიდან - ცალკეულ ავიაკომპანიებს დოჰა-თბილისის მიმართულებით კარგი შეთავაზება აქვთ. ასევე გაიზარდა ტურისტების რაოდენობა რუსეთიდან. ყაზახეთიდან კი დიდი მოთხოვნაა სამედიცინო ტურიზმზე - ბევრი ადამიანი თბილისს სამედიცინო გამოკვლევებისათვის სტუმრობს, თუმცა, უკრაინიდან ვიზიტები შემცირდა“, - განაცხადა თორნიკე გურულმა.

კომპანია „ტრეველშოპის“ დამფუძნებელი, ნიკა მანჯგალაძე თავის მხრივ ყურადღებას ამახვილებს ახლო აღმოსავლეთიდან კორპორატიული ტურიზმის გააქტიურებაზე. „გაიზარდა მოთხოვნა კორპორატიულ ტურებზე საუდის არაბეთსა და ომანიდან - მათთვის საქართველო საკმაოდ მოსახერხებელია - კლიმატი დამაკმაყოფილებელია, სავიზო რეჟიმი მარტივია, ფასებიც საკმაოდ მომხიბვლელია“, - აღნიშნა მანჯგალაძემ

თუმცა, ტუროპერატორები ინფრასტრუქტურის გაუმართაობასა და პროდუქტების სიმცირეზეც საუბრობენ. „დავით გარეჯამდე მისასვლელი გზა შერემონტებასა და აღდგენას მოითხოვს. ასევე სასურველია სტეფანწმინდაში გერგეტის სამებაზე ასასვლელი გზის მოწესრიგებაც. ქვეყანაში იშვიათად ეწყობა ეროვნული ნაციონალური კონცერტები, რაც ყველა ტურისტისათვის საინტერესოა. ქართულ ცეკვასა და სიმღერასთან შეხება ტურისტებს მხოლოდ ცალკეულ რესტორნებში აქვთ. რთულია ასეთ შემთხვევაში ხარისხზე საუბარი“, - აღნიშნავს „გალერეა თრეველის" დამფუძნებელი თორნიკე გურული.

ბელა ნოზაძე