დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე 12 პირი პასუხისგებაში მისცეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სახელმწიფოს კუთვნილი, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, სისხლის სამართლის პასუხისგებაში 12 პირი მისცა, ხოლო დანაშაულის ორგანიზატორი ბრალდებულის სახით დააკავა.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგენილია, რომ გენადი ძირკვაძემ და ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა, სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი თანხის თაღლითურად დაუფლების მიზნით, დაარეგისტრირეს ათზე მეტი საწარმო. ბრალდებულები თურქეთის რესპუბლიკიდან ახორციელებდნენ სხვადასხვა სახის ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს, რა დროსაც დამატებითი ღირებულების გადასახადის დეკლარაციებში ყალბი მონაცემების, ანუ არარსებული ჩასათვლელი თანხის დაფიქსირებით სისტემატურად იღებდნენ უკანონი სარგებელს, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტს დანაშაულებრივი ქმედებით მიაყენეს 1 896 000 ლარის ზიანი.

საქმეზე გრძელდება გამოძიება სსკ-ის 180-ე, 210-ე და 220-ე მუხლით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.