დავით ონოფრიშვილი: არც სავალუტო ფონდი, არც EBRD და არც მსოფლიო ბანკი ეროვნულ ბანკთან დაკავშირებულ ცვლილებებს მხარს არ უჭერს

ძირითადად, არც სავალუტო ფონდი, არც EBRD და არც მსოფლიო ბანკი ეროვნული ბანკის შესახებ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს მხარს არ უჭერს, - ამის შესახებ დეპუტატმა დავით ონოფრიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომელიც პარლამენტში საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელს ადიმ სადიკოვს შეხვდა. შეხვედრის ერთ-ერთ თემას სწორედ ეროვნული ბანკიდან საბანკო ზედამხედველობის გამოყოფის საკითხი და ამასთან დაკავშირებით პარლამენტში ინიცირებული პროექტი წარმოადგენდა.

"ვერც ერთ მთავრობას ვერ დააძალებენ. თუ უნდა რომ შეცდომა დაუშვან, ეს უკვე ხელისუფლების არასწორი ნაბიჯი იქნება. გვახსოვს, წინა ხელისუფლებამ იგივე გააკეთა და შემდგომ ორი წლის შემდეგ პოზიცია შეცვალეს, რადგან არასწორი იყო ის, რაც განახორციელეს. ახლაც იგივე ხდება. ძნელად აღსაქმელია, რომ წარმოდგენილმა საკანონმდებლო ცვლილებამ რაღაც რადიკალურად შეცვალოს და ბანკებზე მონიტორინგი გააუმჯობესოს. პირიქით, პირველი რა პრობლემაც შეიქმნება, იქნება ის, რომ ეროვნული ბანკი გაკოტრდება. ნებისმიერ ცვლილებას, ეხება ეს გაყოფას თუ შეერთებას, სჭირდება დრო, რომ ახალ გარემოს მიესადაგოს. ხოლო მეორე საკითხია, ეს იმუშავებს კარგად თუ ცუდად", - აღნიშნა დავით ონოფრიშვილმა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები დღეს პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივის ავტორებს, თამაზ მეჭიაურსა და ნოდარ ებანოიძეს შეხვდნენ.