Google-ის რუკაზე თბილისის მონაცემები სრულად განთავსდა

საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ Google-ის რუკაზე თბილისის მონაცემების გადატანა დაასრულა. საჯარო რეესტრის ინფორმაციით, ინტერაქტიულ რუკაზე სრულად განთავსდა ინფორმაცია დედაქალაქში არსებული ყველა შენობა-ნაგებობისა და გზათა ქსელის შესახებ. აღნიშნული მონაცემები დაახლოებით 3500 კილომეტრის სიგრძის გზათა ქსელს და 160 ათას შენობა-ნაგებობას აერთიანებს, რომლებიც შესაბამისი სამისამართო ნუმერაციითაა დანომრილი. "ამიერიდან ყველა დაინტერესებულ პირს საშუალება აქვს, Google-ის რუკაზე მოიძიოს თბილისში არსებული ნებისმიერი შენობა, მათ შორის ყველა საგანმანათლებლო დაწესებულება: საჯარო და კერძო სკოლები, უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლები",- აცხადებენ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში.

მომდევნო ქალაქი, რომლის მონაცემების ასახვასაც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო Google map-ზე დაიწყებს, გორი იქნება. ამას გარდა, მიმდინარე წელს რუსთავის, მცხეთისა და ფოთის შესახებ ინფორმაციის განთავსებაც არის დაგეგმილი.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო უკვე მესამე წელია, სივრცით (გეოგრაფიულ) მონაცემებს აგროვებს და მუშაობს, რომ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ საძიებო სისტემაში საქართველოსთან დაკავშირებული ინფორმაცია სრულყოფილად იყოს ასახული. რუკას თანდათან ემატება შენობები, გზები, მისამართები, ინფორმაცია დასახლებული პუნქტების, ქუჩების, საავტომობილო გზების, სარკინიგზო მაგისტრალების, მთების, მწვერვალების, მდინარეებისა და სხვადასხვა ღირსშესანიშნაობის შესახებ.

Google-ის რუკაზე საქართველოს შესახებ ინფორმაცია ორწლიანი მოლაპარაკებების შემდეგ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ძალისხმევით, 2011 წელს გაჩნდა. ამჟამად უწყება Google map-ის რეგიონალური ადმინისტრატორია. რუკაზე მუშაობა მუდმივი, უწყვეტი პროცესია და ამ მიმართულებით სააგენტო მუშაობას კვლავაც გააგრძელებს.